LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის შეიძლება პირველი ქალი გახდეს… ვინ არის კამალა ჰარისი

171
Witt-GettyImages-2162572737

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საარჩევნო რბოლას ჩამოშორდა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ოფიციალურად დემოკრატიული პარტიის ახალ კანდიდატს 19 აგვისტოს პარტიის ეროვნული კონვენცია წარადგენს, მაგრამ ჰარისი თავიდანვე იყო ფავორიტი, როგორც არჩევნებში ბაიდენის პოტენციური მემკვიდრე. რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

Black Lives Matter

კამალა ჰარისი გახლავთ “55 წლის შავკანიანი ქალი”: თავად ასე უწოდა საკუთარ თავს ოთხი წლის წინ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის დროს და ამით ხაზი გაუსვა მის იდენტობას. კამალას მამა შეერთებულ შტატებში იამაიკადან ჩავიდა, დედა კი ინდოეთიდან. ამგვარად, ჰარისი წარმოადგენს იმას, რაც ტრადიციულად აშშ-ს ძლიერ მხარედ განიხილება – ნებისმიერს აქვს საშუალება მიაღწიოს წარმატებას კანის ფერის, სქესის თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად.
2020 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისის არჩევა ანტირასისტული Black Lives Matter საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა. იმ პროტესტის მასშტაბები აჩვენებს, რომ რასიზმის პრობლემა ამერიკულ საზოგადოებაში არსებობს, ამიტომ ადვილი წარმოსადგენია თუ რამდენად რთული შეიძლება ყოფილიყო კამალა ჰარისისთვის წარმატებული პოლიტიკური კარიერის გაკეთება.

როდესაც ბაიდენი პრეზიდენტად აირჩიეს, ჰარისი გახდა პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი: ამ დრომდე ქალებს არასოდეს ეკავათ ასეთი მაღალი თანამდებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ პრეზიდენტობაზე. ამასთან ყველაზე ახლოს 2016 წელს ჰილარი კლინტონი იყო, რომელიც მაშინ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

ჰარისს უკვე მოუწია სტერეოტიპების მსხვრევა პოლიტიკურ კარიერაში. 2017 წელს ის გახდა კალიფორნიის შტატის სენატორი, მეორე აფროამერიკელი ქალი და სამხრეთ აზიური წარმოშობის პირველი ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე მსახურობდა.
პოლიტიკაში რთული კარიერის დაწყება კამალას დედამ შთააგონა. მისი და სხვა სამოქალაქო აქტივისტების შემხედვარე კამალა ბავშვობიდან დაინტერესდა ადამიანის უფლებებით. ჰარისი მიხვდა, რომ ყველას მასავით არ გაუმართლა და თავად მოუწია ბრძოლა ასეთი ადამიანების უფლებებისთვის.

მდიდრებს ერჩის, ღარიბებს ეხმარება

2003 წელს კამალა ჰარისი სან-ფრანცისკოს ოლქის პროკურორი გახდა. იგი დაკავდა არა მხოლოდ დამნაშავეების დევნით, არამედ მათი რეაბილიტაციითა და საზოგადოებაში დაბრუნებით. ეს ძირითადად ნარკოტიკული დანაშაულებებისთვის გასამართლებულ აფროამერიკელებს ეხებოდა.
ორი ვადის შემდეგ, კამალა ჰარისი აირჩიეს კალიფორნიის გენერალურ პროკურორად. და ის კვლავ “პირველი” იყო – მანამდე აფროამერიკელსა და ქალს ასეთი თანამდებობა არ ჰქონია.
ჰარისის მუშაობას კალიფორნიის გენერალურ პროკურორად რობინ ჰუდს ადარებენ. მაგალითად, უძრავი ქონების კრიზისის დროს, რომელმაც 2007-2010 წლებში იფეთქა, ბევრმა ამერიკელმა ვერ შეძლო იპოთეკის დროულად გადახდა და ბანკებმა მათი სახლები დაისაკუთრეს. კამალა ჰარისმა სახლდაკარგული კალიფორნიელებისთვის 25 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოიგო.

ზოგადად შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეცაა. ჰარისიც ჩაერთო კლიმატის ცვლილების კანონმდებლობაში, რომელიც აიძულებდა ქარხნებს გადასულიყვნენ წარმოების უფრო მწვანე მეთოდებზე, ავტომწარმოებლებს უფრო მეტი ელექტრომობილების წარმოებისკენ მოუწოდა, ხოლო ხელისუფლებას უფრო მწვანე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეძენა მოსთხოვა. ჰარისმა ასევე ხელი შეუწყო ერთსქესიანთა ქორწინების კანონს კალიფორნიაში და მხარს უჭერდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას.

როდესაც ჰარისი სენატორის პოსტზე აირჩიეს, მისი მისია არ შეცვლილა. ჰარისს ეკუთვნის ინიციატივა მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ, სასამართლო სისტემის რეფორმა, ებრძოდა ეპიდემიას და დაეხმარა მშობლებს მიეღოთ მეტი თანადგომა ბავშვების მოვლაში.

კალიფორნიის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა კამალა ჰარისმა 2021 წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა და ისტორიაში ჩაეწერა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება იყო არალეგალური მიგრაციის საკითხი. კამალა ჰარისმა გულმოდგინედ დაუჭირა მხარი აბორტის უფლებისთვის ბრძოლას.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში მან მკვეთრად გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები. კერძოდ, ჰარისმა არ მოიწონა აშშ-ს ირანის შეთანხმებიდან გამოსვლა და ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების დადება. ჰარისი მოწოდებულია ნატოს მოკავშირეებთან დაახლოებისკენ და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთ-უკრაინის ომში.

თუმცა
სულ ახალხან აშშ-ში იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სადაც კამალა ჰარისსაც შეხვდა. დონალდ ტრამპმა კი მესამე მსოფლიო ომის დაწყება იწინასწარმეტყველა თუ პრეზიდენტი ჰარისი გახდება. ტრამპის თქმით, ჰარისის კომენტარი ისრაელსა და ჰამასის ომის შესახებ, უპატივცემულობაა ებრაული სახელმწიფოს მიმართ.
ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ჰარისმა განაცხადა, რომ დადგა დრო ომს ბოლო მოეღოს და შეშფოთება გამოთქვა ღაზას სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო: „მე ჩუმად არ ვიქნები“ – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ დაამატა, რომ „მნიშვნელოვანია, ამას როგორ აკეთებს“.
ამან გამოიწვია კითხვები შეიცვლება თუ არა აშშ-ს ტრადიციული მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, თუ პრეზიდენტად ჰარისი მოვა.
Axios-მა დაწერა, რომ ნეთანიაჰუ „გაწბილებული“ იყო ჰარისის განცხადებით და შიშობს, რომ ეს ზიანს მიაყენებს კონფლიქტის დარეგულირებას.

სწორ დროსა და სწორ მომენტში…

პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს:
„შეიძლება მოულოდნელი იყო კამალა ჰარისის კანდიდატის დასახელება, თუმცა არის ასეთი მოსაზრებაც, რომ დემოკრატიული პარტია ჯერ კიდევ თვეების წინ ემზადებოდა იმისთვის, რომ კამალა ჰარისი შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სწორ დროსა და სწორ მომენტში.
უცებ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა კამალა ჰარისის ირგვლივ. ეს აისახა კვლევების შედეგებზეც, დონალდ ტრამპის პირველ განცხადებებზეც.
ეს იყო უსიამოვნო მოულოდნელობა ტრამპისთვის. მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ტრამპი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. მაგრამ კამალას შემოსვლამ გადაფარა ასეთი ისტორიაც კი.
ჯო ბაიდენმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ახლა დროა ესტაფეტის გადაცემა ახალგაზრდა თაობისთვის დემოკრატიის გადასარჩენად.
ჰარისის ირგვლივ სერიოზული დარაზმვა მოხდება. კამალას აქვს უპირატესობა, რომ არის აფროამერიკული წარმოშობის, ურევია აზიური სისხლიც, ასევე არის კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი, სადაც აქვს სერიოზული მხარდაჭერა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი სამუშაო ექნება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით, რათა უკრაინის, ისრაელის, ჩინეთის საკითხებთან დაკავშირებით, სათანადოდ იყოს მომზადებული“.

რატომ არის კამალას დანიშვნა ნიშნური მოვლენა ამერიკისთვის?

ამერიკულმა რესურსმა Fatherly მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა 2000 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჰარისი გამოაცხადა, გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „როგორ ესაუბროთ თქვენს შვილებს კამალა ჰარისზე“. ავტორები განმარტავენ, რომ ბაიდენის მიერ ჰარისის მოკავშირედ არჩევა ისტორიული მოვლენა და გარდამტეხი მომენტია. რატომ?

კამალა ჰარისის დანიშვნა მნიშვნელოვანი მიღწევაა ფემინისტური და ანტირასისტული მოძრაობებისთვის და კარგი შესაძლებლობაა ვისაუბროთ გენდერისა და რასის მნიშვნელობაზე ისტორიაში.

კამალა ჰარისი, ისევე როგორც ბაიდენი, იცავს მემარცხენე ცენტრისტულ პოლიტიკას. ამერიკული საზოგადოება ითხოვს სოციალურ სამართლიანობას, თანასწორობას და დაცვას – ფერადკანიანი ქალი, რომელიც ემიგრანტების შავკანიანი ქალიშვილიდან აშშ-ს პოტენციურ მომავალ პრეზიდენტად გარდაიქმნა, ასევე ცნობილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლითა და კარგად შეეფერება ასეთი პოლიტიკის განხორციელებას.

ემიგრანტების “ყვავილი” ქალიშვილი

კამალა დევი ჰარისი დაიბადა ოკლენდში (კალიფორნია) 1964 წლის 20 ოქტომბერს.

მისი მშობლები, ინდოეთში დაბადებული შამალა გოპალანი და იამაიკელი ემიგრანტი დონალდ ჰარისი ბერკლის უნივერსიტეტში შეხვდნენ ერთმანეთს. დედა დიპლომს იცავდა კიბოს მკურნალობის დარგში, მამა – ეკონომიკაში. ორივე თანასწორუფლებიანობისთვის იბრძოდა, გამუდმებით მონაწილეობდნენ აქციებსა და მიტინგებში.

კამალა 7 წლის იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ, რის გამოც დედამ მარტო გაზარდა ის და მისი უმცროსი და. ოჯახი ცხოვრობდა ღარიბ, ძირითადად აფროამერიულ უბანში. 1960-იანი წლების ბოლოს, კალიფორნიამ გამოაცხადა პროგრამა რასობრივი უმცირესობების „ინტეგრაციის“ მიზნით. ღარიბი ოჯახებიდან შავკანიანი ბავშვები თეთრკანიანთა კეთილმოწყობილ სკოლებში მოხვდნენ. ერთ-ერთ ასეთ სკოლაში მივიდა კამალაც.

სახელი მისთვის დედამ შეარჩია, რომელიც ცდილობდა ხაზგასმით აღენიშნა მისი ინდური ფესვები. ჰინდიზე “კამალა” ნიშნავს ლოტოსის ყვავილს, ხოლო მეორე სახელი დევი მიიღო კეთილდღეობისა და ნაყოფიერების ქალღმერთის ლაქშმი-დევის პატივსაცემად.

„კულტურა, რომელიც თაყვანს სცემს ქალღმერთებს, წარმოშობს ძალიან ძლიერ ქალებს“, – განუცხადა შამალა გოპალანმა Los Angeles Times-ს.

ბავშვობაში კამალა დადიოდა როგორც ინდუისტურ ტაძარში, ასევე ბაპტისტურ ეკლესიაში, სადაც შავკანიანები იკრიბებოდნენ.

”დედაჩემმა კარგად იცოდა, რომ ის ორ შავკანიან ქალიშვილს ზრდიდა”, – წერდა იგი მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში, ”მას სურდა, რომ გავზრდილიყავით თავდაჯერებული, ამაყი შავკანიანი ქალები” (ქვედა ფოტოზე გოპალანი, კამალა და მისი და მაია).

მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც შამალა გოპალანს მაკგილის უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობა შესთავაზეს. ჰარისის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით, მონრეალში მან და მისმა უმცროსმა დამ მაიამ პირველი წარმატებული დემონსტრაცია გამართეს. სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ბავშვებს ეკრძალებოდათ თამაში წინა შესასვლელთან არსებულ გაზონზე, მაგრამ მათ მიერ ორგანიზებული აქციის შემდეგ ეს წესი გაუქმდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰარისმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებასა და ეკონომიკაში ჰოვარდის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი), ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ „ისტორიულად შავკანიან კოლეჯში“, ხოლო შემდეგ დაასრულა სამაგისტრო დისერტაცია ბერკლის უნივერსიტეტში.

მე ვიქნები პირველი, მაგრამ არა ბოლო პირველებში

ამერიკული კულტურის ცნობილმა მოღვაწეებმა მხარდაჭერა გამოხატეს ჰარისის მიმართ, ხოლო ბიონსემ უფლება მისცა, მისი სიმღერა Freedom საპრეზიდენტო კამპანიის დროს გამოიყენოს.

RBC Life-მა შეაგროვა კამალა ჰარისის განცხადებები, რომლებიც მან სხვადასხვა დროს გააკეთა და მის მსოფლმხედველობას ასახავს.
მასალა შეიცავს ციტატებს წყაროებიდან: The Cut, Elle, People, Vogue, Vanity Fair, Harper’s Bazaar.

პირველობის მნიშვნელობა
„ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა. ერთხელ დედამ მითხრა: “კამალა, შენ შეგიძლია იყო პირველი ბევრი რამით, ეცადე არ იყო ბოლო”. მოგვიანებით ჩემს გამოსვლაში ვთქვი: “მე ვიქნები პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი პირველებში“. ეს ნიშნავს, რომ კარი უფრო ფართოდ დატოვოთ ღია, ვიდრე შესვლისას იყო“.

რთული გადაწყვეტილებების მიღების შესახებ
„რთული გადაწყვეტილებების მიღება ლიდერის საქმეა. უნდა გქონდეთ საკმარისი გამბედაობა, რომ გააკეთოთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ, მაშინაც კი, თუ მხარდაჭერას ვერ იპოვით“.

დამოუკიდებლობის შესახებ
„მიჩვეული ვარ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას და ნებართვის გარეშე საქმის კეთებას. ნებართვის თხოვნა არც ისე კარგად გამომდის“.

საყვარელი მისალმება
აფრიკის ქვეყნებში პირველი გაცნობისას მისალმება არ ჟღერს „მიხარია, რომ გაგიცანი“. მისალმება ჟღერს ასე: “მე შენ გხედავ” (I see you).

MeToo მოძრაობის შესახებ
„ხალხი მეკითხება: „როგორია იყო პირველი ქალი (ვიცე-პრეზიდენტი)“ და ასე შემდეგ. მე კი ვპასუხობ: „არ ვიცი რა გითხრათ. მე ყოველთვის ქალი ვიყავი.”

როგორ გავუმკლავდეთ ნეგატივს
„სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ფოკუსირება მოახდინოთ ადამიანებზე, რომლებსაც სურთ თქვენი მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ცხოვრებაში გყავდეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს ამბიციებს მიესალმებიან“.

პირადი ბედნიერების შესახებ
„მე და დუგი (დაგ ემჰოფი – ჰარისის ქმარი) ცოტა ხნით ვმეგობრობდით, სანამ დავქორწინდებოდით. მისი მშობლები 65 წელი იყვნენ დაქორწინებული, მე კი განქორწინებული მშობლების შვილი ვარ.
ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს, როდესაც მთელი ოჯახი ვიკრიბებით და რაღაცას ვამზადებ. ერთ შაბათ-კვირას ჩემი ქმარი ადრე ადგა ყავის მოსამზადებლად, ჩემი პატარა დისშვილები კი ჩემს საწოლში შემოცვივდნენ, უბრალოდ ვისაუბრეთ და ვიცინეთ“.

მოგზაურობის ჩვევების შესახებ
„აეროპორტებში დავრბივარ ჩემი „კონვერსებით“. მთელი კოლექცია მაქვს: შავი, თეთრი, მაქმანებით, მათ გარეშე… როდესაც ვმოგზაურობ, ყოველთვის მიმაქვს დამატებითი წინდები და შარფი, რადგან თვითმფრინავში ცივა ხოლმე, ხოლო ჩემი ქმარი iPad-ში სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს რთავს, რასაც ფრენისას ვუყურებ“.

განტვირთვის საშუალებებზე
„თუ განსაკუთრებულად გიჟური დღე მაქვს, ვცდილობ ცხელი აბაზანა მივიღო და ცხელი ჩაი დავლიო. განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა რეცეპტების კითხვა. კულინარული წიგნების მთელი კოლექცია მაქვს. როდესაც რაიმეს ვამზადებ, ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებას მე ვაკონტროლებ“.

თუ არჩევნები მოიგო, ის აშშ-ს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება!..

ფოტო: newyorker
amview
politico
scmp
timesofisrael
yaleclimateconnections
irishtimes
grenchnertagblatt
Kevin Mohatt / Pool / Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g