LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასუნსიონ სანჩეს რუისი: „შეხვედრაზე ჩვენ საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს“ – საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

133
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისრტოში

„როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს იყო ოფიციალური სიტყვა, ჩვენ გადავდეთ, გავყინეთ 30 მილიონი, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, ასევე, შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობა, მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გადახედვას ვაწარმოებთ და ამას შემდგომი განცხადებები მოჰყვება“ – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს.

„დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შარშან, საკუთარ რეკომენდაციაში გამოყო.შეხვედრაზე ჩვენ საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 27 ივნისს მიიღო და რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს, რომელიც დე ფაქტო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს.როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს იყო ოფიციალური სიტყვა, ჩვენ გადავდეთ, გავყინეთ 30 მილიონი, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, ასევე, შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობა, მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გადახედვას ვაწარმოებთ და ამას შემდგომი განცხადებები მოჰყვება“ – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

მისი თქმით, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

„ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურთ. ასევე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება“ – აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებთან, ასევე საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„2024 წლის 29 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია „2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების თაობაზე“ – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ საქმიანობისა და რეფორმების თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის.

„პირველ რიგში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიეწოდათ ინფორმაცია ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ საქართველოს მიერ განხორციელებული საქმიანობის, იმ რეფორმების თაობაზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯის იმპლემენტაციისთვის. ასევე, მიეწოდათ სრული ინფორმაცია საქართველოს მიერ როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ, იმ ვალდებულებების მხრივ, რომლებიც ჩვენ ავიღეთ როგორც უკვე კანდიდატმა სახელმწიფომ და რომელსაც ერთგულად მივყვებით. იმედი გვაქვს, ეს ერთგულება და საქმიანობა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს, წლის განმავლობაში პოზიტიურად შეფასდება, შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც იქნება ადეკვატური და სწორედ იმ შედეგების შესაბამისი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აჩვენებს და დებს ამ მიმართულებით. მე მართლაც მაქვს იმედი, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი ნამდვილად პროგრესული სახელმწიფო კანდიდატებს შორის გაფართოების პაკეტში, მთლიანად იქნება შესაბამისად შეფასებული და მიღწეული იქნება ის მიზანი, რასაც ჰქვია, პირველ რიგში, მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთან და შემდგომში უკვე სრული ინტეგრაცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.

magti 5g