LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბა: ახალ მიმართულებაზე მოთხოვნა და ფასები იზრდება

35

თბილისი-ჰავანას მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა იზრდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუბას დედაქალაქს საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქე ეწვია. ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, თუმცა როგორც თურქეთის ფლაგმან ავიაკომპანია Turkish Airlines-ში აცხადებენ, დეკემბერში აღნიშნულ მიმართულებაზე წამახალისებელი ფასები მოქმედებდა და ამის შედეგად, ყველა ბილეთი გაიყიდა.

”მოგეხსენებათ, კუბა ქართველებისთვის ახალი ტურისტული მიმართულებაა. შესაბამისად, ბევრს ეს ქვეყანა ნანახი არ აქვს. ამიტომ, მოთხოვნა ავიაბილეთებზე მუმდივად მზარდია. აქციის ფარგლებში ორმხირივი ავიაბილეთი 613 ევრო ღირდა და მაშინ, ყველა ბილეთი გავყიდეთ. ახლა ფასდაკლება აღარ მოქმედებს და ბილეთის ღირებულება 1000 ევროდან იწყება. ამის მიუხედავად, აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა მზარდია”, – განმარტეს ავიაკომპანიაში.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ტურისტული კომპანიები ტურებს კუბასკენ საკმაოდ მისაღებ ფასად აკეთებენ.

”კუბაში სასტუმროში განთავსება დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული, ამასთან ძალიან მარტივია სავიზო პროცედურებიც. ამანაც განაპირობა თბილისი-ჰავანას მიმართულებაზე ინტერესის გაზრდა”, – აღნიშნეს Turkish Airlines-ში.

შეგახსენებთ, თბილისიდან ჰავანას მიმართულებით გადაადგილებას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines უზრუნველყოფს. ავიარეისი კვირაში სამი სიხშირით, თბილისიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს ხორციელდება. ამ მიმართულებით ფრენები 2016 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო.

Turkish Airlines ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს და ყოველდღიურად სრულდება 4 რეისი სტამბოლის მიმართულებით – სამი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ერთიც საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 296 მიმართულებით გაფრენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები