LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონში ომის აჩრდილი დადის: მოჰყვება თუ არა დიდი ომი ჰამასის ლიდერის მკვლელობას

115
03iran-security-zphq-superJumbo

კატარის დედაქალაქში, თეირანში მოკლული „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე დაკრძალეს. ის ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში დაიტირეს, მათ შორის ლიბანსა და თურქეთში.

ღაზას სექტორში ომი 300 დღეა გრძელდება. და არის იმის ალბათობა, რომ ეს ომი ახალ, კიდევ უფრო ცხელ ფაზაში გადავიდეს.
მიზეზი ცხადია: ჰანიეს მკვლელობა. ორივე მხარე ვითარების ესკალაციისთვის მზადაა.
უკვე პარასკევ საღამოს გამოცხადდა, რომ ხმელთაშუა ზღვაში „ამერიკული კონტიგენტისა და ისრაელის დაცვისთვის“ აშშ-მა ავიამზიდი და გამანადგურებელ-ბომბდამშენი ესკადრილია გადაისროლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ერთობ შეშფოთებულია რეგიონში ძალადობის ესკალაციის პერსპექტივით.
ამავდროულად აშშ-ს საელჩომ, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, თავის მოქალაქეებს მოუწოდა შეძლებისდაგვარად სწრაფად დატოვონ ლიბანი. ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე შეაჩერა კიდეც ფრენები.

ყველაფერი ეს ომის გაღრმავების პერსპექტივაზე მიუთითებს. ისრაელმა კი ცეცხლზე ნავთი დაასხა: შაბათს ქალაქ ტულკარმში მოკლეს „ჰამასის“ ადგილობრივი ფრთის მეთაური ჰაითამ ბალიდი და „ჰეზბოლას“ სამხრეთ ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი ალი აბდ ალი.
დიდი ომი გარდაუვალი ჩანს.

სწორი გზა თუ ლაჩრული ქმედება?

როგორც ცნობილია, პალესტინის რადიკალური მოძრაობის „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე თეირანში დაიღუპა, სადაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
პეზეშკიანმა თქვა, რომ ირანი “დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ღირსებასა და სიამაყეს” და აიძულებს ჰანიეს მკვლელებს “ინანონ თავიანთი ლაჩრული ქმედება”. მის სიტყვებს ირანული სააგენტო Tasnim ავრცელებს.

შურისძიებისკენ მოუწოდა ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმაც, რასაც ის მისი ქვეყნის მოვალეობად მიიჩნევს. „ამ ქმედებით კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა გზა გაუხსნა საკუთარ თავს სასტიკი სასჯელისკენ და ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია შური ვიძიოთ ჰანიეს სისხლისთვის, რადგან ის მოწამეობრივად აღესრულა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მან.

The New York Times განმარტავს, რომ ჰანიეს მკვლელობამ შესაძლოა გააჭიანუროს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მძევლების გათავისუფლება, ასევე გამოიწვიოს რეგიონში ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების შურისძიების პროვოცირება.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ადასტურებს, რომ ეს მკვლელობა და ისრაელის დაუფიქრებელი ქცევა რეგიონს ქაოსში ჩააგდებს და ძირს უთხრის მშვიდობის შანსებს“, იტყობინება „ალ ჯაზირა“.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰანიეს მკვლელობა “კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა არ აპირებს მშვიდობისკენ მისწრაფებას”.

„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ჰანიეს მკვლელობა მებრძოლებში გამბედაობასა და სიჯიუტეს გააჩენს და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოქმედებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ისრაელის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრი ამიჩაი ელიაჰუ პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ჰანიეს მკვლელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო „სწორი გზა ამ სიბინძურისგან სამყაროს გასასუფთავებლად“, წერს The Times of Israel.

რას აკეთებდა ჰანიე და როგორ გაგრძელდება მისი საქმე

საინტერესო და მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბის ფიგურის განეიტრალება შეასუსტებს თუ პირიქით, გააძლიერებს რადიკალ ისლამისტებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ჰანიეს სიკვდილი მძიმე დარტყმაა „ჰამასისთვის“, რადგან სწორედ ის იყო ორგანიზაციის სახე საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელისა და იდეოლოგის მოცილებას კი დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. თუმცა, თავად აცხადებენ, რომ „ჰამასი“, პირველ რიგში, იდეაა, ხოლო იდეის მოკვლა შეუძლებელია.

გარდა ამისა, ისმაილ ჰანიე ასევე იყო „ჰამასის საფულე“. ის მართავდა ფინანსურ ნაკადებს და იზიდავდა დონორების თანხებს.

არ დაგვავიწყდეს ის პროცესები, რომელსაც ჰანიე კურირებდა. კერძოდ საუბარია, მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებსა და ღაზაში ზავის შეთანხმებაზე.
ახლა, ბუნებრივია, „ჰამასი“ შეეცდება სათავისოდ გამოიყენოს ისრაელისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხი: ისრაელელი მძევლები.
ეს საკითხი ჰანიეს უშუალო პასუხისმგებლობას ექვემდებარებოდა. მოლაპარაკებებითა და სამხედრო ზეწოლით ისრაელმა მოახერხა 105 მძევლის დაბრუნება, მათგან 80-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე იყო.
ბოლო დროს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზადდებოდა კიდევ 30 მძევალზე გარიგება. ეს საკითხი უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვინ შეცვლის ჰანიეს. საქმე ისაა, რომ იგი შედარებით ზომიერ პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული წინა პლანზე უფრო რადიკალური ძალები გამოვიდნენ, რაც ცხადია მნიშვნელოვნად გაართულებს ისრაელთან მოლაპარაკების პროცესს.


ირანის დილემა

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის ადგილი, თეირანი, ამ მოვლენას დამატებით გეოპოლიტიკურ განზომილებას ანიჭებს.

ირანის ტერიტორიაზე, თანაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, როდესაც ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და ასეთ დროს მაინც ხერხდება მიზანმიმართული მკვლელობა, ყურადსაღები სიგნალია ირანის რეჟიმისთვის.
თუ ჰანიეს მკვლელობა ისრაელის განხორციელებულია (თუ – იმიტომ რომ ოფიციალურად არ უღიარებიათ), გამოდის, რომ ისრაელს საკმაოდ დიდი სამხედრო და სადაზვერვო შესაძლებლობები ჰქონია. გარდა ამისა, თეირანის მოვლენებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა დაარტყა „ჰეზბოლას“ ჯგუფის სარდლობას ბეირუთში.

ისრაელს სჭირდებოდა საკუთარი ძალების რწმენა. მისი იმიჯი ერთგვარად შეირყა 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო.
რა მოხდა 7 ოქტომბერს: სამხრეთ ისრაელში ჰამასის 3 000-მდე ტერორისტი შეიჭრა. ტერორისტები დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი. მძევლად აიყვანეს ასზე მეტი ადამიანი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

არის კიდევ ერთი: ირანის ტერიტორიაზე ჰანიეს ლიკვიდაციით ისრაელი ფაქტობრივად ამბობს, რომ არ ეშინია ირანთან სრულმასშტაბიანი პირდაპირი შეტაკების.

ისრაელს არ სურს ომი, ირანი ამბობს, რომ აუცილებლად მოჰყვება ესკალაცია

პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრობს:

„რეგიონში ისედაც მაღალი იყო ტემპერატურა ისრაელსა და „ჰამასის“ ომის გამო, მაგრამ ახლა ჰანიეს მკვლელობის შემდეგ მაქსიმალურად აიწია.
ისრაელმა განაცხადა, რომ არ სურს ფართომასშტაბიანი ომი. პრემიერ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის მზად არის ყველა სცენარისთვის, ყველაზე უარესისთვისაც კი. არათუ ქვეყანაში, არამედ გაძლიერებულია ისრაელელი სპორტსმენების უსაფრთხოებაც კი პარიზის მიმდინარე ოლიმპიადაზე.
ირანის სულიერმა ლიდერმა განცხადება გააკეთა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ საპასუხო რეაგირება იქნება ძალიან მძიმე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და პირდაპირ დააფიქსირა, რომ ამ მკვლელობებს რეგიონში აუცილებლად მოჰყვება ესკალაცია, არ გამორიცხავს ფართომასშტაბიან ომს”.

დიდი ომი გარდაუვალია?

თეირანსა და ბეირუთზე ორი თითქმის ერთდროული დარტყმა აჩენს კითხვას: რა იქნება შემდეგ?
ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, „შიიტურ ღერძს“ მხოლოდ ორი გზა აქვს – სიტუაციის ან გამწვავება ან მოგვარება.

მიუხედავად ირანის შურისმაძიებლური რიტორიკისა, არსებობს კითხვები, შეუძლია კი ამ ეტაპზე ირანს რაიმე ისეთი შესთავაზოს ისრაელს, რისთვისაც ის მზად არ იქნება.

გავიხსენოთ, რომ ირანმა აპრილში ისრაელზე პირდაპირი შეტევა მიიტანა ასობით რაკეტის გამოყენებით, მაგრამ ისრაელმა მსხვერპლის გარეშე მოიგერია. აქვს კი ირანს საკუთარ არსენალში რაიმე უფრო მძლავრი?

აქ საუბარი იმაზეა, რომ ირანის რეჟიმი აშკარად დამცირებულია, ასეთი გახმაურებული მკვლელობა მის დედაქალაქში რომ მოხდა, თან რა დროს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ის სერიოზული დილემის წინაშე დადგა: არ უპასუხო, ნიშნავს სისუსტის გამოვლენას და მიზნის მიუღწევლობას, რაც სისუსტის დამატებითი ნიშანია.

არაერთი ექსპერტის აზრით, დიდი ომი რეგიონში დიდი ალბათობით გარდაუვალია. უბრალოდ საკითხავია, რამდენად მოხერხდება ეს დაუყოვნებლივ, თუ ჯერ სათანადოდ მომზადება გახდება საჭირო?
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თეირანმა გულისყურით უნდა განიხილოს მომდევნო ნაბიჯები, ამას კი დრო დასჭირდება.

ბუკა პეტრიაშვილი:
“იმედია, არ გადაიზრდება დიდ ომში, რადგან ასეთ დროს არ ჩაიკეტება მხოლოდ ღაზის სექტორი, ამან შეიძლება გამოიწვიოს რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვაც“.

ფოტო: nytimes
irishtimes
jpost
timesofisrael
abcnews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები