LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფესტივალს, რომელიც წელს ხელოვნების ნამდვილი ზეიმი იქნება, ბრწყინვალე მუსიკალური პროგრამა აქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ, თავად ქალბატონ ლიანასაც ძალიან მოეწონებოდა” – ლელა მჭედლიძე და ლიკა ხორბალაძე „არტ-FM“-ში

605
ლელა-მჭედლიძე,-ლიკა-ხორბალაძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ის სტუმრებმა ლელა მჭედლიძემ და ლიკა ხორბალაძემ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „ღამის სერენადებზე“ ისაუბრეს, რომელსაც წელს ქალბატონი ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

(ლელა მჭედლიძე) რა თქმა უნდა, ფესტივალი ყოველთვის ქალბატონ ლიანას ეკუთვნოდა, თუმცა წელს ოფიციალურად შეიძინა მისი სახელი, ამიტომ წლევანდელი „ღამის სერენადები“ მართლაც გამორჩეული იქნება. მრავალფეროვანი პროგრამა ცნობილი მუსიკოსების საღამოებთან ერთად, შეზღუდული უნარების პირებისთვის მოწყობილ მასტერკლასებს, ვორკშოპებს და გამოფენებსაც გააერთიანებს.  

ფესტივალს, რომელიც წელს ხელოვნების ნამდვილი ზეიმი იქნება, ბრწყინვალე მუსიკალური პროგრამა აქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ, თავად ქალბატონ ლიანასაც ძალიან მოეწონებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ გუნდს ბატონი გიორგი ისაკაძისა და ქალბატონი ნინა ცაგარელის ხელმძღვანელობით, რომლებიც მუდმივად ჩართული არიან შემოქმედებით პროცესში და შესანიშნავად უძღვებიან ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებს. მიხარია, რომ ფესტივალის მზადებაში ლიკაც აქტიურად მონაწილეობს, რადგან საოცარი ერუდიციის პატრონია და ნებისმიერ შეკითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა.

ხუთი არაჩვეულებრივი წელი ვიმუშავე ქალბატონ ლიანასთან, ამიტომ არა მხოლოდ თანამშრომლობა, არამედ მეგობრობაც მაკავშირებდა მასთან. მართალია, წლების წინ, როცა ფესტივალი აფხაზეთში ეწყობოდა, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ სწორედ იქ გავიცანი ქალბატონი ლიანა. ბიჭვინთაში, კვიპაროსების ხეივანში ვსეირნობდი, იქ შემომესმა ორგნის ხმა კათოლიკური ეკლესიიდან, რომელსაც მოგვიანებით სიმებიანმა ინსტრუმენტმა შეუწყო ხმა და უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემზე. ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონი ლიანა გავიცანი, „ღამის სერენადები“ კი, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მეტიც, ჩემმა შვილმაც ფესტივალის წყალობით შეიყვარა მუსიკა. დღეს ელენე, რომელიც გამორჩეულად უყვარდა ქალბატონ ლიანას, მევიოლინეა და ჩვენ ორკესტრში უკრავს.  

ფესტივალს ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავდა, რომლებიც ფანტასტიკურ კონცერტებს აწყობდნენ. სწორედ ასეთ მუსიკაზე და მუსიკოსების გვერდით გავიზარდე, ქალბატონი ლიანას ყველა რეპეტიციას დავესწარი და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.

(ლიკა ხორბალაძე) პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის მხარდამჭერებს – საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომების მერიებს, იტალიის, ბრაზილიის და ჩეხეთის საელჩოებს საქართველოში, რადგან სწორედ მათი წყალობით შევძელით ფესტივალის ორგანიზება და პუბლიკის წინაშე ასეთი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგომა.

ფესტივალი ბორჯომში, 21 აგვისტოს გაიხსნება გალა-კონცერტით, რომელშიც ჩვენს ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად უამრავი ცნობილი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას – მარიო სტეფანო პიეტროდარკის, ელვინ ჰოჯა განიევის, მარიამ კიკალეიშვილის, გიორგი ბუგიანიშვილის და ანსამბლ „ბორჯომის“ ჩათვლით.  

23 აგვისტოს „ღამის სერენადები“ ბათუმში გაგრძელდება მარიო სტეფანო პიეტროდარკის სოლო პროგრამით, 25 აგვისტოს ვირტუოზი მევიოლინე ელვინ ჰოჯა განიევი წარდგება მსმენელის წინაშე ძალიან საინტერესო პროგრამით, რადგან ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას „წელიწადის დროებს“ შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული ეპოქების მიუხედავად, სწორედ ვივალდის შედევრის  შთაგონებით შექმნა პიაცოლამ საკუთარი ნაწარმოები.

თბილისში კონცერტები კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში მოეწყობა. 15 სექტემბერს სანდრო ნებიერიძე გამართავს საღამოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც იტალიელი ბეატრიჩე ვენეცი უდირიჟორებს. სხვათა შორის, ვენეცი არა მხოლოდ რამდენიმე ორკესტრს ხელმძღვანელობს იტალიაში, არამედ კულტურის მინისტრის მრჩევლის პოსტსაც იკავებს მუსიკის დარგში.

ბრაზილიური მუსიკის კონცერტში მეტწილად ახალგაზრდა სოლისტები – მარიამ როინიშვილი, ლიზი რამიშვილი და გიორგი ოიკაშვილი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ქართველი მსმენელისთვის ნაკლებად ცნობილი ბრაზილიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ.

18 სექტემბერს ჩეხური მუსიკის საღამოს ვუმასპინძლებთ კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სადაც გიორგი შავერზაშვილი და გიორგი ხაინდრავა შეასრულებენ ბედრჟიხ სმეტანას და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს. 

„ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს დასრულდება დასკვნითი კონცერტით, რომელშიც ბაროკოს მუსიკის წამყვანი მუსიკოსები ანდრეს გაბეტა და მორის სტიგერი მიიღებენ მონაწილეობას „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად.

(ლელა მჭედლიძე) „საქართველოს ვირტუოზები“ – არაჩვეულებრივი ორკესტრია 12 მუსიკოსის შემადგენლობით, ვისთვისაც სპეციალურად ვარჩევთ ნაწარმოებებს. მიხარია, რომ ჩვენს ფესტივალში ყოველთვის ბრწყინვალე სოლისტები მონაწილეობენ, რომელთა მოსმენა მართლაც ძალიან დიდი ფუფუნებაა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რომელიც ისე ხშირად გვსტუმრობს უკვე დამეგობრებაც მოვასწარით, ამიტომ სიამოვნებით შევასრულებ რამდენიმე ნაწარმოებს მასთან ერთად.

რა თქმა უნდა ყველა კონცერტი ქალბატონი ლიანა ისაკაძის ხსოვნას მიეძღვნება, რაც დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად გაზრდის ფესტივალის მიმართ ინტერესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g