„ასეთ მონატრებაში ცხოვრობს ყველა მეორე ოჯახი“ – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ემიგრანტი ძმის, შვილებთან შეხვედრის ამსახველ ემოციურ ვიდეოს ავრცელებს.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს შეხვედრა 11 წლიანი განშორების შემდეგ შედგა.
„ჩემი ძმა და მისი ანგელოზები – 11 წელი შვილების უნახავად… გაუთავებელი და დაუსრულებელი მონატრება. ასეთ მონატრებაში ცხოვრობს ყველა მეორე ოჯახი“- წერს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბრძოლას განაგრძობს, რადგან ოჯახები საქართველოში გაძლიერდეს და ისინი ერთმანეთს არ დაშორდნენ:
„ამიტომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, რომ მამა და შვილი, დედა და შვილი, და და ძმა, ბებია, ბაბუა და შვილიშვილები არ დაშორდნენ ერთმანეთს. ოჯახები საქართველოში გაძლიერდეს“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პოლიტიკოსი ფოტოებს შტატებიდან Instagram-ის საკუთარ პროფილზე აქვეყნებს და როგორც იგი ამბობს, ქვეყანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით დატოვა.