„ყველას ვაჩვენეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ჟინით, ყველა ოცნების ასრულება შეიძლება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქართველ ოლიმპიელებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ქართველმა ოლიმპიელებმა დაამტკიცეს, რომ სპორტული მიღწევებისთვის ქვეყნის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს.
„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აქ შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ოლიმპიური გუნდის დევიზი – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“, მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო შედეგი ჩვენს ისტორიაში.
თქვენ დაამტკიცეთ, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არა აქვს
ქვეყნის სიდიდეს. 206 გუნდს შორის 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა, მოსახლეობის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მეშვიდე ვართ მსოფლიოში ამ 206 გუნდს შორის. ეს განსაკუთრებით უსვამს ხაზს თუ რამდენად ნიჭიერი ერი ვართ.
ყველას ვაჩვენეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ჟინით, რომელიც ქართულ ოლიმპიურ გუნდს ჰქონდა, ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.