მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მთავარი საკითხები არ იცვლება: უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ ეს საკითხებია გადაცემის „მსოფლიო, როგორც ასეთი“ განხილვის მთავარი თემები, თუმცა გადაცემის წამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა ამ საკითხებში გამოყო ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი – აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჩინეთში ჩავიდა, სადაც უამრავ საკითხზე ისაუბრეს, რაც არა მარტო ამ ორი ქვეყნის, არამედ ყველასთვის მნიშვნელოვანია. მეორე ინდოეთია, რომლის ჩართულობის მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესში ძალიან დიდია. ინდოეთის პრემიერი ვიზიტით ჯერ კრემლში, ხოლო შემდეგ კიევში ჩავიდა და ორივე ამ ქვეყნის ლიდერს თბილად ჩაეხუტა.
„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მწვავე საკითხები ბევრია. მთელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედროების დონეზე აწყობილი იყოს საკომუნიკაციო ხაზი. მარტო განხილული საკითხების ჩამონათვალი მეტყველებს ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე.
აშშ-მა პირდაპირ მოუწოდა ჩინეთს ტაივანის მიმართულებით ესკალაციას მოერიდოს, ასევე თავი შეიკავოს სიტუაციის დაძაბვისგან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. დაძაბულობა იყო ფილიპინებთან ტერიტორიების საკითხზეც. მოკლედ, თანამშრომლობა გაგრძელდება.
ამასთან, აშშ-მა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოწოდება ჩინეთი არ დაეხმაროს რუსეთს ელექტრონული კომპონენტების მიწოდებაში, რომლის შემდეგ რუსების აწყობენ რაკეტებს, ჭურვებს და ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას.
თავის მხრივ ჩინური მხარე ტარიფებთან დაკავშირებით არის გაღიზიანებული და იმ სანქციებით, რომელსაც აშშ უწესებს ჩინურ კომპანიებს. ტარიფები ელექტრონიკაზე, ელექტრომანქანებზე, ჩიპებზე იწვევს შეშფოთებას და გაღიზიანებას და ჩინეთის მხრიდანაც დაყენებული იყო საკითხი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ისტორიული ვიზიტი ჩავიდა კიევში. ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა მოსკოვში და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. ზუსტად იმ დღეს, როდესაც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეები, ნარანდრა მოდი გულთბილად ეხვეოდა პუტინს (თუ პირიქით). ეს იყო მძიმე საყურებელი უკრაინელებისთვის და ზელენსკიმაც არ დამალა გაღიზიანება.
ნარანდრა მოდიმ გაავრცელა განცხადება, რომ განიცდის, როდესაც იღუპებიან ადამიანები, ბავშვები და ყოველთვის იქნება მშვიდობის მომხრე.
ინდოეთის პრემიერი შეეცადა დაებალანსებინა და აენაზღაურებინა ის კადრები და განსაკუთრებული სითბოთი გამოხატა ზელენსკის მიმართ დამოკიდებულება, ხაზი გაუსვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და აღნიშნა, რომ გააჩნია რესურსი და ყველაფერს გააკეთებს, რომ სწრაფად დასრულდეს ომი სამართლიანი პირობებით.
როცა ნიუ-დელიში დაბრუნდა, ჯერ ესაუბრა ჯო ბაიდენს, მერე პუტინს და გაცვალეს ინფორმაციები. საუბარია, რომ მშვიდობის დამყარების პროცესში ინდოეთი უფრო მეტად ჩაერთოს.
თუმცა არც თუ დიდი ხნის წინ ჩინეთის ლიდერმა განაცხადა რომ ჯერ არ მომწიფებულა ვითარება დიდი შეთანხმება შედგეს და მხარეები ჯერ არ არიან მზად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად“.