საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
„მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ვაგრძელებთ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას. მომსახურებით ვაჭრობაზე ბარიერების შემცირებით, ბიზნესს ვაძლევთ უფრო ფართო წვდომას ბაზარზე და ვიზიდავთ მეტ ინვესტიციას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ICT, ფინანსები, ლოგისტიკა და ტურიზმი. ლიბერალიზაციის ამ პროცესს ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველ თავებს სერვისების შესახებ, რაც თანამშრომლობის გაძლიერების და ბაზრის განვითარების შესაძლებლობებს იძლევა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, რომელიც როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებებსაც მოიცავს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მდგრად ეკონომიკურ ზრდას ტრადიციული და განვითარებადი მომსახურების სექტორებში.
ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზეც, რომელიც მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის ვიცე-პრემიერს ტინგ სუესიანგს შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მისი შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც სავაჭრო ბრუნვის, მათ შორის, ექსპორტის, ასევე საინვესტიციო ნაკადების ზრდას ორ ქვეყანას შორის და თანამშრომლობის გაღრმავებას ტელეკომუნიკაციების, ფინანსური მომსახურების, ტურიზმისა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებში.