„გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია, რომელიც საჯარო თუ კერძო კომპანიებს, მთელი რიგი გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს, მათ შორის სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოებასა და საბუღალტრო ბაზების აღდგენას.
მაგდა ელისაშვილი, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი „ბიზნესნიუსისთვის“ განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის ბუღალტრული ბაზის სწორად წარმოება:
– წარმოიდგინეთ, რომ გემს მართავთ ღია ზღვაში და არ გაქვთ კომპასი და რუკა, შესაბამისად, არ იცით, სად მიდიხართ, რა არის თქვენი მიმართულება, რა მანძილი დაგრჩათ დანიშნულების წერტილამდე. დაახლოებით ასე გრძნობს თავს ბიზნესი, როდესაც არ აქვს გამართული საბუღალტრო ბაზები ან სააღრიცხვო პოლიტიკა. თუ კომპანიაში სააღრიცხვო პოლიტიკა წინასწარ არ არის ჩამოყალიბებული, ფინანსური ჩანაწერები, შესაძლოა, არათანმიმდევრული ან არაზუსტი აღმოჩნდეს.
მოწესრიგებული საბუღალტრო ბაზები და პოლიტიკა უზრუნველყოფს:
– კონკრეტულად რა სახის რისკების წინაშე დგანან კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული და სტანდარტებთან შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკა?
– სააღრიცხვო პოლიტიკის უქონლობა ფინანსურ ანგარიშგებაში შეცდომებს გამოიწვევს. მაგალითად, იმ გუნდმა, რომელიც ტრანზაქციების სწორად აღრიცხვაზე მუშაობს, არათანმიმდევრული პროცესების გამო, შესაძლოა, საბუღალტრო ბაზებში არასრულყოფილი ინფორმაცია წარმოადგინოს. სააღრიცხვო პოლიტიკა მნიშვნელოვანია შიდა კონტროლის კუთხითაც – თუ კომპანიას უჭირს მართოს საკუთარი შემოსავლები, აკონტროლოს ხარჯები, ეს, საბოლოო ჯამში, ფულადი ნაკადების მართვასაც გაართულებს და ლიკვიდურობის პრობლემებამდე მივალთ. ანუ, შესაძლოა, კომპანიას ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ თუ ფულადი ნაკადები სწორად არ ექნება განკარგული, კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. რისკები დგება დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც – ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს სურთ, რომ კომპანიის წარსულში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზეც ჰქონდეთ ინფორმაცია. თუ ის არ არსებობს, აუდიტის პროცესი ხანგრძლივდება, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, არასათანადო დასკვნის შემთხვევაში კი, კომპანიის მიერ სანდოობისა და რეპუტაციის დაკარგვასთან.
– რა შემთხვევებს ან მოვლენებს უნდა მიაქციოს კომპანიამ ყურადღება, რათა იცოდეს, სჭირდება თუ არა ბუღალტრული ბაზის აღდგენის ან კორექტირების მომსახურება?
– ეს არის: ხშირი ფინანსური შეუსაბამობები (როცა ტრანზაქცია და ფინანსური ჩანაწერი ერთმანეთს არ ემთხვევა); არაზუსტი ან დაგვიანებული ფინანსური ანგარიშგებები, რის გამოც მენეჯმენტი დროულად ვერ ეცნობა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას; ფულადი ნაკადების არაეფექტური მართვა, რაც ლიკვიდურობის რისკების წინაშე დადგომით გამოიხატება; საგადასახადო ან მარეგულირებელ მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ფინანსური ჩანაწერების არაორგანიზებულად წარმოება და სხვა. ამიტომ, როცა მენეჯმენტი მსგავს ნიშნებს აფიქსირებს, სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება პროცესებზე.
– როგორ ეხმარება „გრანთ თორნთონის“ სერვისები ბიზნესს ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტაში?
– ჩვენთან, ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ, ბიზნეს პროცესების დიაგნოსტიკისა და აღდგენის სერვისი არსებობს, რაც კომპანიებს საკუთარი დროისა და რესურსების დაზოგვის საშუალებას აძლევს. არის შემთხვევები, როდესაც ისინი შიდა რესურსებით ცდილობენ ბაზის კორექტირებას, მაგრამ ძალიან რთულია მიმდინარე ოპერაციებთან ერთად წარსული პერიოდის აღდგენაც. გარდა იმისა, რომ კომპანიას მის სპეციფიკაზე მორგებულ სააღრიცხვო პოლიტიკას ვთავაზობთ, ვცდილობთ გამოვავლინოთ ის ძირითადი სფეროები, სადაც მას ხარვეზები აქვს, რის შემდეგაც უკვე ფინანსური მონაცემების აღდგენა მიმდინარეობს. არის შემთხვევები, როდესაც დოკუმენტაციაც არასრულყოფილია და ვეხმარებით, რომ პირველადი დოკუმენტებიც შეიქმნას, რათა სწორ ფინანსურ მონაცემებზე ჰქონდეთ წვდომა. ჩვენი მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ, რომ ფინანსური ანგარიშგებები, მზა სახით, ძველ პერიოდებზეც მიიღონ და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთონ. დიაგნოსტიკისა და აღდგენის სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებმაც გარკვეული ოპერაციების გამო, თუნდაც საწყის ეტაპზე, ვერ მოახერხეს ჩანაწერების სწორად გაკეთება და დღეს უკვე სურათს ვერ ხედავენ, ამავე დროს შეუსაბამობა აქვთ საგადასახადო კანონმდებლობასთან. ერთი სიტყვით, ბიზნეს პროცესების დიაგნოსტიკისა და აღდგენის სერვისი უზრუნველყოფს, რომ რისკები იყოს შემცირებული და მენეჯმენტს ჰქონდეს სრულყოფილი ხედვა ბიზნესის განვითარების ფინანსურ მაჩვენებლებზე.
– კომპანიის სპეციფიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ მთელ ამ პროცესს რა დრო სჭირდება?
– დიახ, დრო დამოკიდებულია კომპანიის მასშტაბზე, ასევე, აღდგენის რამდენწლიან პერიოდზე ვსაუბრობთ. მოგეხსნებათ, საგადასახადო მიმართულებით ხანდაზმულობის ვადა 3 წელია და თუ კომპანიას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოუვლინდა ამ კუთხით და წინა წლების განმავლობაშიც, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სრულად მოხდეს აღდგენა. საშუალოდ, 3-დან 5 თვემდეა საჭირო აღნიშნული პროცესისთვის. აღსანიშნავია, რომ მომსახურების გაწევის ბოლოს ვამზადებთ ე.წ. რეპორტს, სადაც აღწერილია, რა შესწორდა, რა რეკომენდაციები გაიცა და როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალში სწორი აღრიცხვა. ამ დოკუმენტის შემუშავებასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ის კომპანიების გრძელვადიანი წარმატების საფუძველი ხდება. ჩვენთან რომც არ გააგრძელონ ყოველთვიური კონსულტაცია, მათ ექნებათ ე.წ. სახელმძღვანელო, რომლითაც უკვე შიდა კადრების დახმარებით იმუშავებენ.
– რატომ უნდა აირჩიონ ბიზნესებმა ისეთი პროფესიონალური სერვისები, როგორიც თქვენია, ნაცვლად იმისა, რომ შესწორებებით თავად დაკავდნენ?
– რა თქმა უნდა, შიდა რესურსით ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ თუ კომპანია ზემოთ აღნიშნული საკითხების მოგვარებას შიდა რესურსით გადაწყვეტს, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს ობიექტურობა. გარე პროფესიონალს არანაირი საკუთარი ინტერესი არ შეიძლება გააჩნდეს კომპანიის ფინანსური მონაცემების აღრიცხვასთან დაკავშირებით, შიდა კადრების გამოყენების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ყურადღება არ მიექცეს ერთი შეხედვით წვრილმანებს და შემდეგ, მომავალში, სწორედ ისინი გახდნენ დიდი რისკის მატარებელნი. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ შიდა კადრებს მიმდინარე პერიოდთან ერთად ძველის აღრიცხვაც მოუწევთ, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია, შესაძლოა, რაიმე ინფორმაციის გამორჩენის ან მისი რეალობასთან შეუსაბამობის რისკი დარჩეს. ჩვენი სერვისი მხოლოდ საბუღალტრო გატარებების და ჩანაწერების აღდგენას არ გულისხმობს, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით მიდგომაა კომპანიასთან, რადგან ჩვენ ვქმნით სტანდარტებთან შესაბამის სააღრიცხვო პოლიტიკას, ვაიდენტიფიცირებთ საგადასახადო რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს იმ მომენტისათვის კომპანიაში კონკრეტული აღრიცხვიდან გამომდინარე და კომპანიისთვის შევიმუშავებთ სახელმძღვანელოს, რომელიც მისი მნიშვნელოვანი დამხმარე იქნება მომავალში. ერთი სიტყვით, დროის, რესურსების და ობიექტურობის გათვალისწინებით, კომპანიებისთვის ნამდვილად უმჯობესი იქნება დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდს მიმართონ.
– რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ბიზნესს ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
– მაინც პოლიტიკით უნდა დავიწყოთ. თუ ბიზნესს აქვს იმის ფუფუნება, რომ ოპერაციები არ დაიწყოს იქამდე, სანამ არ ექნება გაწერილი გეგმა და შესაბამისი წარმოდგენა მომავალში განსახორციელებელ ოპერაციებზე, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შედგეს სააღრიცხვო პოლიტიკა ან აღრიცხვის მიმდინარეობის დროს მაინც ჰქონდეს და გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტი, რაც პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა. ასევე მნიშვნელოვანია შიდა კადრების ხშირი ტრენინგი, ვინაიდან რეგულაციებსა და სტანდარტებში ხშირად გვაქვს ცვლილებები. გადამზადება აუცილებელია პროგრამულ უზრუნველყოფებთან დაკავშირებითაც, რადგან შიდა კადრები, შესაძლოა, არ იყენებდნენ ყველა იმ ფუნქციონალს, რასაც მათ პროგრამული უზრუნველყოფა სთავაზობს პროცესების უფრო ავტომატიზირებულობისთვის. ასევე პრევენციაა ხშირი დაკვირვება ფინანსურ მონაცემებზე, ანალიზზე, რა ტენდენციები აქვს ბიზნესს, ხომ არ არის მნიშვნელოვანი გადახრები, რამაც შეიძლება მიგვანიშნოს რაიმე რისკზე. საჭიროა ხშირი შიდა აუდიტიც, რაც გამოავლენს რისკ ფაქტორებს. გარე აუდიტის მიერ მიღებული რეკომენდაციების დროულად გათვალისწინების შემთხვევაში კი კომპანიები შეძლებენ პრობლემური პროცესების დალაგებას და გამოსწორებას.