LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე – „აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად – ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია“

206
კალაძე სერგეი ლავროვი

[სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად – ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას მედიასთან განაცხადა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.

“ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალიური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება.

“რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g