LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს“ – ელენე ხოშტარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაზე

126
ელენე ხოშტარია

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღირსეული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, რომელიც როგორც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით ახლაც ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ რუსულ მექანიზმებს არ აღიარებენ და მათ გამონახული აქვთ გზა, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს“ – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ხელოვნური ბარიერები შექმნას და არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.

„გვინდა არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოვეხმაუროთ. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. თუმცა „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ყოველ ჯერზე „რუსული კანონის“ ინიციირების, რეპრესიების, დაშინების ზუსტად საპირისპირო ეფექტი მიიღო – შეკრული საზოგადოება, ღირსეული საზოგადოება, რომელიც ერთად ევროპული არჩევანის სადარაჯოზე დგას. ზუსტად, ასე ხდება ახლაც. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღირსეული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, რომელიც როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით ახლაც ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ რუსულ მექანიზმებს არ აღიარებენ და მათ გამონახული აქვთ გზა, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს“, აუცილებლად, არჩევნებს დააკვირდებიან. უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი – საქართველოს მოქალაქეები დააკვირდებიან და ამ არჩევნების სამართლიანობას გააკონტროლებენ. ბიძინა ივანიშვილს არ ესმის ერთი რამე, რომ მას საქმე აქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არა ორგანიზაციებთან, არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა ევროპული იქნება. სრული მხარდაჭერა ეკა გიგაურს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და ყველა იმ ორგანიზაციას, ადამიანს, რომელიც ჩვენს არჩევანს 26 ოქტომბერს დაიცავს“ – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს.

ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g