„იმ პირობით, რომ არჩევნები მშვიდობიანი იქნება და მოსახლეობა ისეთი მობილიზებული დარჩება, როგორც დღეს არის, შედეგი პროევროპელთა გამარჯვება უნდა იყოს“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია“.
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, სულ მცირე, უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპული მომავლის ბედს და მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ბედს. ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია – დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნება…
საარჩევნო გაყალბება სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უკვე ცნობილი ფენომენია. ის ასევე გაზომვადია, ასე რომ, ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, რომ ჩვენს პროგნოზებში 60% (მისცემს ხმას) პროევროპელებს და 40% მმართველ პარტიას, გაყალბების ჰიპოთეზა უკვე მეტ-ნაკლებად შედის ამაში.
ეს მაჩვენებლები მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურებში, აქვთ ინტერესები ან შეშფოთება საკუთარი სამუშაოს შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ცნობილია. იმ პირობით, რომ არჩევნები მშვიდობიანი იქნება და მოსახლეობა ისეთი მობილიზებული დარჩება, როგორც დღეს არის, შედეგი პროევროპელთა გამარჯვება უნდა იყოს“, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას – „რას ითხოვს ბრიუსელისგან არჩევნების კუთხით“.
„ერთი თვე გვაქვს დარჩენილი. ევროპას სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, დაადასტუროს, რომ თუ არჩევნები მოიგეს პროევროპულმა პარტიებმა, თუ „ქართული ქარტია“ არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად განხორციელდება და როგორც კი პარლამენტი ჩამოყალიბდება, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც ეს მოლაპარაკებები შეჩერდა“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა ინტერვიუში ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეაზეც ისაუბრა:
„მე მაქვს იდეა, რომელიც არ ეხება შემადგენლობას. პარტიებს, როგორც ვთქვი, საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ, გარდა მათი ევროპული პროგრამისა. სწრაფი ტემპებით გაგრძელება საკმაოდ რთული იქნება და კოალიციურ მთავრობებს მიჩვეული არ ვართ. ამიტომ, მე ვთავაზობ მათ შექმნან ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მხარდაჭერაზე (ბრიუსელთან) მოლაპარაკებების დაწყებამდე. პროგრამა კარგად არის ცნობილი. ეს არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უნდა იქნას მიღებული სხვადასხვა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.