პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა.
„სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული დარღვევები აქვს და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონსტიტუციას არღვევს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მიმართ და თან ვისგან? ამასაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს.
სტატუსობრივად პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. ყველაფერს პირდაპირ ხაზი გადაუსვა, მისთვის არანაირი კანონი, კონსტიტუცია არ არსებობს. სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. უბრალოდ, ეს ადამიანი ამ დამოკიდებულებას აგრძელებს.
როგორც იცით, სალომე ზურაბიშვილს ძალიან მალე პრეზიდენტობის ვადა გასდის, შესაბამისად, ის იქნება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა.
კონსტიტუციის დარღვევაა ვოიაჟები, მას მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე უფლება არ აქვს. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ. მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის გასაკეთებელი უნდა აკეთოს და ეს აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები? რისთვის არის კონსტიტუცია, კანონები? რადგან ეს დავიცვათ. პირველ რიგში, პატივი ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას და კანონებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა აღძრავენ.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე ისაუბრა.