21 ოქტომბრიდან „გრანთ თორნთონ საქართველო“ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან (CIPE) თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს პროექტს „შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო შესაბამისობა დამსაქმებლების ცნობიერების ასამაღლებლად“, რომელიც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში განხორციელდება.
ქეთევან გოგოჭური, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, პროგრამის ოფიცერი:
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი პროექტს ახორციელებს აშშ-ის შრომის დეპარტამენტის დაფინანსებით და აშშ-ის სოლიდარობის ცენტრთან ერთობლივი პროექტის „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად, II ფაზა“ (საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება) მხარდაჭერით. ჩვენთვის „გრანთ თორნთონ საქართველოსთან“ თანამშრომლობა სასიამოვნოა იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლება, მისთვის ცოდნის მიწოდება შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში. ასევე აღვნიშნავ, რომ პროექტის სამიზნე ჯგუფს ახალგაზრდები/სტუდენტები და ქალი მეწარმეებიც მიეკუთვნებიან, რადგან ისინი დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ნინო ჯოლია, „გრანთ თორნთონ საქართველოს“ იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი:
– შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობაში და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა გაითვალისწინონ ის სამართლებრივი რისკები, რაც შეიძლება პოტენციურად დაუდგეთ შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების პირობების არასათანადოდ დაცვის კუთხით. მხოლოდ ყველა ნორმის დაცვა განაპირობებს თანამშრომლების კმაყოფილებას, კომპანიის რეპუტაციის ამაღლებს, კომპანიის ნაყოფიერ საქმიანობას.
– რა სახის აქტივობებს გეგმავს „გრანთ თორნთონ საქართველო“ პროექტის ფარგლებში და რომელ რეგიონებში?
– პროექტი განხორციელდება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, კერძოდ, ღია კარის დღე, ტრენინგი და Bootcamp (ჰიბრიდულ რეჟიმში). ჩვენი გამოცდილი ექსპერტები აქტივობებს დაიწყებენ რუსთავიდან, სადაც 21-22 ოქტომბერს ჩატარდება ღია კარის დღე და ტრენინგი, რომლებიც განკუთვნილია დამსაქმებლებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტარტაპებისთვის, ქალებისთვის ბიზნესში. ასევე ერთდღიანი Bootcamp-ი სტუდენტებისთვის. ამ ღონისძიებებზე მოსახვედრად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ფეისბუკსა და ლინკდინზე ჩვენს გვერდებზე.
– ქეთი, რა გავლენას მოახდენს ეს პროექტი საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებაზე?
– თავდაპირველად მინდა აღვნიშნო კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მისია – დემოკრატიის გაძლიერება, ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში, შესაბამისად, აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანიც არის ბიზნესის არა მხოლოდ შესაბამისობა საკანონმდებლო სტანდარტებთან, არამედ ბიზნეს გარემოს განვითარება და გაუმჯობესება. ვცდილობთ, რეგიონებში რაც შეიძლება მეტი აქტიური ბიზნესი მოვიცვათ, ვზრუნავთ, რომ თითოეულ მათგანს საჭირო და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ.
– რა როლს თამაშობს კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი ამ პროექტში და როგორ ეხმარება ის „გრანთ თორნთონ საქართველოს“ მიზნების მიღწევაში?
– „გრანთ თორნთონ საქართველოსთან“ ერთად ჯერ ჩამოვაყალიბეთ პროექტის კონცეფცია და შემდეგ შევისწავლეთ, რომელ რეგიონებშია უფრო მეტად საჭირო შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე აქცენტი. პროექტის ფარგლებში ვცდილობთ, მოვიცვათ არა მხოლოდ დიდი ბიზნესები, არამედ მცირე და საშუალოც, ასევე ქალი მეწარმეები. „გრანთ თორნთონ საქართველოს“ გამოცდილი ექსპერტები მათ მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ შეუსაბამონ საკანონმდებლო რეგულაციებს საკუთარი კომპანიის საქმიანობა, როგორ უნდა უზრუნველყონ შრომითი უფლებების აღსრულება, უსაფრთხო გარემოს შექმნა დასაქმებულებისთვის.
– რატომ არის მნიშვნელოვანი ქალებისა და ახალგაზრდების/სტუდენტების ჩართვა ამ პროექტში?
– ქალი მეწარმეები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ხშირად არის ხოლმე საჭირო ამის ხაზგასმა. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჩვენ მათ ვუყურებთ, როგორც მომავალ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, ამიტომ მათი ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარიერას იწყებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას, ვთქვათ, სტაჟირების დროს რა უნდა გაითვალისწინონ, როგორი უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულების პირობები, რათა შემდეგ საკუთარი უფლებების დაცვა შეძლონ. ან შემდეგ, თუ თავად იქნებიან დამსაქმებლები, როგორ შექმნან ნაყოფიერი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
– როგორ აპირებთ პროექტის წარმატების გაზომვას, რა ინდიკატორებს გამოიყენებთ?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, პროექტი საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში 500-მდე კომპანიამ უკვე გააუმჯობესა შიდა პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ დაიხვეწა შრომითი ხელშეკრულებები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოების პირობები. ასევე აღვნიშნავ, რომ სოციალურ მედიაში, კერძოდ ფეისბუკზე, გვაქვს ჯგუფი „უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია“, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა და აქტუალურ თემებს აშუქებდა. დღეს ამ ჯგუფს 2500 წევრი ჰყავს, ის აერთიანებს როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სპეციალისტებს შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და მუდმივად ვცდილობთ, რომ ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია უფრო გავაძლიეროთ. „გრანთ თორნთონ საქართველოსთან“ პროექტის ფარგლებში კი ვგეგმავთ, რომ, სულ მცირე, 150 ბიზნესი მაინც მოვიცვათ. მათი ცოდნის შემოწმებას შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ ვაპირებთ ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ შესაბამისი ტესტების მეშვეობით.
– ნინო, როგორ შეარჩიეთ სამიზნე რეგიონები (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი) და რატომ?
– ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ დედაქალაქს მიღმა გავსულიყავით და აქცენტი გაგვეკეთებინა ისეთ რეგიონებზე, სადაც უფრო ნაკლები შესაძლებლობაა მსგავსი პროექტების განხორციელების. რეგიონების შერჩევისას გავითვალისწინეთ, უპირველესად, იქ არსებული ეკონომიკური აქტივობა და შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა, რადგან Bootcamp-ის კომპონენტში, მოგეხსენებათ, სწორედ სტუდენტები მონაწილეობენ.
– ქეთი, რა სახის გრძელვადიან შედეგებს ელოდებით ამ პროექტისგან საქართველოს შრომის ბაზრისთვის?
– გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია, რომ შრომის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ ბიზნესი სათანადო ინფორმაციას ფლობდეს, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ექსპერტული რჩევების მიწოდებით, ტრენინგებით და სხვა. რეგიონებში მართლაც შეზღუდულია განახლებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ამიტომ ვცდილობთ, რომ პროექტის მეორე ფაზაში რეგიონები აქტიურად ჩავრთოთ.
„გრანთ თორნთონის“ შესახებ:
„გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. „გრანთ თორნთონის“ წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში. „გრანთ თორნთონის“ გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. „გრანთ თორნთონის“ 73 000 თანამშრომელი 150 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) შესახებ:
კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი არის დემოკრატიის ეროვნული ფონდის ოთხი ძირითადი ინსტიტუტიდან ერთ-ერთი, რომელიც დაარსდა პრეზიდენტ რეიგანის მიერ 1983 წელს. CIPE არის ერთადერთი ინსტიტუტი მსოფლიოში, რომელიც მუშაობს დემოკრატიის მხარდასაჭერად და კერძო სექტორის გასაძლიერებლად. CIPE დაარსდა პრინციპით, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მისი მუშაობა ორიენტირებულია ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე, რათა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო ბიზნესისა და მეწარმეობის აყვავებისთვის.