LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არქიტექტურული პრემია 2024“-ის გამარჯვებულები ცნობილია

651
არქიტექტურული პრემია

საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა და ჟურნალ „სტილის“ (STYLE) ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „ბილტმორი“, მე-18 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2024“-ის დაჯილდოების  საზეიმო  ცერემონიალი გაიმართა.

წლევანდელ კონკურსს 157 ქართველი და უცხოელი მონაწილე ჰყავდა. წარმოდგენილი იყო ქალაქმშენებლობის, შენობების, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, ინტერიერის დიზაინის სფეროს და სტუდენტური არქიტექტურული, თუ ინტერიერული 170 პროექტი.

საერთაშორისო 15 კაციანი ჟიურის მიერ ნამუშევრები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ფორმა, ფუნქცია, ინოვაცია, კონცეპტუალურობა, რეალობასთან სინქრონი (ადაპტაცია).

წელს საკონკურსო ნამუშევრების შეფასებაში საორგანიზაციო კომიტეტმა (რომლის შემადგენლობაში ორგანიზატორების გარდა კონკურსის „არქიტექტურული პრემია“ ლაურეატებიც არიან) სიახლე შეიტანა, კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთ ნომინაციაში საკონკურსოდ ატვირთულ ნამუშევრებს შორის  რამდენიმე (სამი და მეტი) ერთი და იგივე დანიშნულების ობიექტთა ჯგუფი გამოვლინდა, საკონკურსო პირობების შესაბამისად, ეს ობიექტები ქვენომინაციების მიხედვით გამოიყო და 17 ნომინაცია შეიქმნა.

ამგვარად, ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (რეალიზებული) – ტერაკოტას პავილიონური სახლი წავკისში – არქიტექტურის ლაბორატორია # 3
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი (რეალიზებული) – მრავალბინიანი კომპლექსი „პალმ ვილაჟი“ ბაქოში – კომპანია AMI Proyekt, კამალ მუსახანოვი, ხურამან სეიდოვა, აზერბაიჯანი
  • საცხოვრებელი ინტერიერი (რეალიზებული) – სახლი სოფელ თვალადში – კომპანია „ენეს  სტუდიო“
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული) – ბაგებისა და უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საგზაო ხიდი თბილისში – ავტორი: თამაზ ცვარიანი, კომპანია „ინტერპროექტი“
  • საზოგადოებრივი ნაგებობა (რეალიზებული) სასტუმრო – სასტუმრო GLARROS OLD TOWN კოტე აფხაზის ქუჩაზე, არქიტექტურის ლაბორატორია # 3
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული) – სამედიცინო კამპუსის ბიბლიოთეკა – მარიტა ჭანჭალეიშვილი, სტუდიო „ქომ ჰაივი“
  • საზოგადოებრივი ინტერიერი (რეალიზებული) რესტორანი – „ნაი რესტორანი“ ვრაცლავში, პოლონეთი  –  იოვა იაგერი
  • რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (რეალიზებული) – სახლი „ჩიტის ბუდე“ ძველ თბილისში –  არქიტექტორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, დიზაინერი ირინა კარლიკოვა.
  • ლანდშაფტის არქიტექტურა  (რეალიზებული) – ვილა ლაგოდეხის ბაღი – ნინო შენგელია, ფარნა, მარღანია
  • სტუდენტური პროექტი – გლდანის სამკერვალო ქარხნის ადაპტაციის პროექტი – სოფიო საზერლენდი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • სტუდენტური პროექტი (ურბანული ქალაქგეგმარება) – მდინარე მტკვარი, როგორც ასეთი – თამარ ლოლაძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • სტუდენტური პროექტი (მრავალფუნქციური კომპლექსი) – კომპლექსი „ლოტოსი“ –  დავით ასანიძე – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • არქიტექტურული პროექტი – მესტიის აეროპორტი – „ეი დი სტუდიო“
  • არქიტექტურული პროექტი (რეკონსტრუქცია) – სახლი ინგოროყვას ქუჩაზე –  გოჩა ბზეკალავა
  • არქიტექტურული პროექტი (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი) – სახლი „ნუშის ბაღებში“ წყნეთში – თენგიზ კვანტალიანი, ქეთევან მელაშვილი – კომპანია „109 გრადუსი“
  • ქალაქგეგმარებითი პროექტი – ეკოლოგიური ტურიზმისა და დასვენების ზონის ინფრასტრუქტურის კონცეფცია აზერბაიჯანის ქალაქ შამახში –  კომპანია AMI Proyekt კამალ მუსახანოვი და ფაზილ ბაირამოვი, აზერბაიჯანი
  • ავეჯის დიზაინი – მაგიდა – ოლგა იბადოვა, მინსკი, ბელორუსია

ღონისძიების მედია მხარდამჭერები იყვნენ რადიო „ფორტუნა“ და „ფორტუნა პლიუსი“.

შეგახსენებთ, კონკურსი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის ჟურნალ „სტილის“ ორგანიზებით პირველად 2006 წელს ჩატარდა. 2008 წლიდან კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ჟურნალი „სტილი“ და მის ბაზაზე დაფუძნებული არქიტექტურული კლუბი, ხოლო 2011 წლიდან – ჟურნალი „სტილი“, არქიტექტურული კლუბი და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია.

magti 5g