LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერგონომიული დიზაინი, აკუსტიკური პანელები და კონფიგურირებადი ავეჯი – Open space კონცეფციით შექმნილი „თეგეტას“ მარკეტინგის გუნდის საქმიანი სივრცე

474
თეგეტა

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას სამუშაო ოფისებში. ღირსეულ და თანასწორ გარემოსთან ერთად, ფიზიკური სივრცე, სადაც თანამშრომლები დღის უდიდეს ნაწილს ატარებენ, ჯანსაღი სამუშაო პირობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

მეტი ენთუზიაზმის, მოტივაციის, კმაყოფილებისა თუ პროდუქტიულობისათვის შესაბამის შინაარსზე დაფუძნებული სამუშაო სივრცეა საჭირო. ამ სტატიის ფოკუსი „თეგეტას“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდისთვის შექმნილი ახალი სამუშაო სივრცეა, რომელზეც კომპანიის კრეატიულმა დირექტორმა თეონა კოხოძემ იმუშავა.

„ოფისის ინტერიერზე მუშაობა დავიწყეთ შიდა კვლევით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო, თუ რა ტიპის სამუშაო ჰქონდა მარკეტინგის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, იყო ეს სტატიკური თუ დინამიკური მუშაობის სტილი. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, Steelcase-ის დიზაინერებთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა, რომ შეგვექმნა ჰიბრიდული სამუშაო სივრცე, სადაც განთავსებული იქნებოდა სუპერმოქნილი და ასევე სტატიკური ავეჯი“, – ამბობს თეონა კოხოძე.

თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ოფისი უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარე „თეგეტას“ მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის ნაწილია. სამუშაო სივრცე შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. 500m2-ის ფართი Open Space კონცეფციით დაიგეგმა. ეს მიდგომა 2000-იანი წლების დასაწყისში დაინერგა და დღემდე პოპულარულია, თუმცა ჯერ ისევ საკამათო თემად რჩება პირადი სივრცის განცდის საკითხი. საქმიანი, მაგრამ ღია გარემო ისე უნდა მოეწყოს, რომ თითოეულმა თანამშრომელმა შემოქმედებითი ფიქრისა და კონცენტრაციის უნარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნოს.

Open space ოფისის კულტურა გულისხმობს თავისუფალ სამუშაო გარემოს, სადაც სივრცე დაყოფილი არ არის. მისი მიზანი გუნდის წევრებს შორის ფიზიკური ბარიერის მოხსნა, მარტივი კომუნიკაცია და ეფექტური თანამშრომლობაა. Open space კონცეფციას იყენებს არაერთი გლობალური კომპანია, ისეთი, როგორიცაა Google, Apple, Twitter, Wework და ა.შ.

ღია სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხმაურის დონის მართვაა. როდესაც რამდენიმე ადამიანი მუშაობს საერთო სივრცეში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონცენტრაციის გაძნელება, ყურადღების გაფანტვა. ღია სივრცეები ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, თუმცა შესაძლოა რთული იყოს მშვიდი და წყნარი ადგილის პოვნა თუნდაც სატელეფონო ზარებისთვის.

ჩვენს ოფისში შევეცადეთ, დაგვეცვა ბალანსი ღია, დინამიკურ და მშვიდ სამუშაო გარემოს შორის. ინტერიერში განვათავსეთ აკუსტიკური პანელები, რომლებიც ახშობს ექოს. თითოეულ სამუშაო მაგიდაში ინტეგრირებულია პანელი, რომელიც პრივატულობის შეგრძნებასა და ასევე სამუშაოზე ფოკუსირებას უზრუნველყოფს. ოფისში ამავდროულად დაგხვდებათ ფერადი პანელებით გამოყოფილი სივრცეები შეხვედრებისათვის.

გარდა აკუსტიკური პანელებისა, ღია სივრცეში განთავსებულია სატელეფონო ჯიხურები, სადაც თანამშრომელს საშუალება აქვს, სატელეფონო ზარებს მშვიდ და წყნარ გარემოში უპასუხოს“.

სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს შექმნა მხოლოდ სივრცის სწორად ათვისებასა და გადანაწილებას არ ნიშნავს. ამ კონტექსტში სულ უფრო აქტიურად შემოდის ემოციური კომფორტის აუცილებლობა, რასაც თან ერთვის ზრუნვა თანამშრომელთა ფიზიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ერგონომიული დიზაინის იდეაზე დაყრდნობით მოეწყო „თეგეტას“ მარკეტინგის გუნდის ახალი ოფისიც, სადაც სამუშაო გარემო და მისი შემადგენელი კომპონენტები მთლიანად ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს მიესადაგება.  

„მარკეტინგის გუნდში, განსაკუთრებით დიზაინერების როლი, ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ ჯდომას. ამიტომაც მათი სამუშაო ადგილები მაქსიმალურად კომფორტული და მოქნილი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მათთვის შევარჩიეთ მაგიდები, რომლებიც სრულად კონფიგურირებადია. თითოეულ დიზაინერს საშუალება აქვს, დაარეგულიროს მაგიდის სიმაღლე და პოზიცია პირადი ერგონომიული პრეფერენციების შესაბამისად. ეს ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას და სამუშაოს უფრო პროდუქტიულს ხდის.

გარდა სიმაღლეში რეგულირებადი მაგიდებისა, სივრცე დატვირთულია ერგონომიული ბადისებრი სამუშაო სავარძლებით. ისინი აღჭურვილია სპეციალურად შემუშავებული გეომეტრიული ტალღების შაბლონით, რათა ხელი შეუწყოს მოძრაობისა და პოზის ცვლილებებს. ამ ტიპის სავარძლებს საზურგის შიგნით მოქნილობის ისეთი სისტემა აქვს, რომლის მეშვეობითაც ხერხემალი ნაკლებად იღლება.

გარდა ამისა, ინტერიერში გამოვიყენეთ მოდულური ავეჯი ლეგოს მსგავსი ფუნქციით, შეგიძლია ძალიან სწრაფად და მარტივად შეიქმნა საკუთარი სამუშაო ადგილი ან თუნდაც შექმნა შეხვედრის ოთახი მოძრავი პანელების, მაგიდის, სკამისა თუ დაფისგან“, – თეონა კოხოძე.

ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია შესაბამისი განათებაც, რომელიც კონკრეტული კრიტერიუმებით იზომება. ესენია სინათლის მოცულობა, ხარისხი და მიმართულება, თუ როგორ ეცემა სხივები სამუშაო მაგიდასა და ეკრანს.

„განათების დიზაინს დიდი როლი აქვს – ბუნებრივი შუქი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განწყობას და ზრდის ენერგიის დონეს“.

განლაგება, მოწყობა, განათება და კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტი ფერებია. „თეგეტას“ კრეატიული დირექტორი გვიყვება, რომ ინტერიერის დიზაინზე პირველად მოუწია მუშაობა, თუმცა ჰარმონიული და შემოქმედებითი გარემოს შექმნაში მხატვრობასა და გრაფიკულ დიზაინში მიღებული გამოცდილება დაეხმარა. ამას ემატება ხელმძღვანელის რაკურსიც – იზრუნოს თანამშრომელთა კეთილდღეობასა და ისეთი ესთეტიკური გარემოს შექმნაზე, რომელიც შთამაგონებელი და ინსპირაციის ხელშემწყობი იქნება.

„ფერების სქემა ავეჯის ფუნქციების მიხედვით დავყავი. მაგალითად, დიზაინერების რეგულირებად მაგიდებს მოვარდისფრო, ატმისფერი ფეხები აქვს, ხოლო არარეგულირებად მაგიდებს – მომწვანო, მოცისფრო. თანმიმდევრულობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად მაგიდების ზედაპირი ერთი ფერისა და ერთნაირი მასალისგანაა გაკეთებული.

მოსასვენებელ ზონებში მწვანე გამოვიყენე, სადაც აქცენტის სახით არის ტერაკოტის მოძრავი ტუმბო. ერთერთ სივრცეში განთავსებულია ღია ცისფერი კარვის ტიპის კონსტრუქცია, რომელიც, გარდა დეკორატიულისა, სამუშაო და დასასვენებელი სივრცის გაყოფის ფუნქციას ასრულებს. ბრენდის იდენტობიდან გამომდინარე, სივრცეში შეხვდებით ყვითელ აქცენტებს სხვადასხვა ავეჯსა თუ ნივთებზე.

გარდა ღია სივრცისა, ოფისში ორი პერსონალური სამუშაო ოთახია, რომლებიც დატვირთულია დიზაინელემენტებით. ერთ-ერთში ბაუჰაუსის სტილის პოსტერებია, Wassily-ს ყვითელი ტყავის სავარძლები და მონათესავე ფერებით შედგენილი ხალიჩა. ხოლო მეორე სივრცეში, სადაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩანს ჩემი ხელწერა, გამოყენებული მაქვს კონტრასტი თბილსა და ცივ ფერებს შორის. ჭერის სიმაღლე რომ არ შემცირებულიყო, ჰაერსატარები ღია დავტოვეთ და  ატმისფრად დავფერეთ, რამაც მათ დეკორატიული დატვირთვა შესძინა. სიმყუდროვის შესაქმნელად ასევე გამოყენებულია ნეკერჩხლის ხის ფერი დეკორატიული კედელი.

რაც შეეხება განლაგებას, ჩვენს კვლევაზე დაყრდნობით, Steelcase-ის დიზაინერებთან ერთად,  რამდენიმე ვერსია შევიმუშავეთ. ასევე პროექტში აქტიურად იყო ჩართული ინტერიერის დიზაინერი ლიზა ხაზარაძე და ჩვენი ტექნიკური გუნდი“, – ამბობს თეონა კოხოძე.

„თეგეტას“ მარკეტინგის გუნდის ოფისი კომპანიის იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომელსაც ჰოლდინგი დაარსების დღიდან ინოვაციური მიდგომებით ქმნის. ნათელი და კომფორტული სამუშაო გარემო საავტომობილო მომსახურების ცენტრის შემადგენლობაშია, რომელიც მდგრადობის კონცეფციით აშენდა. ამ კონტექსტსა და „თეგეტას“ გუნდის წევრთა სურვილებს უნდა მორგებოდა საოფისე სივრცეც.

„მთავარი აქცენტი, რა სჭირდება დღეს თანამედროვე თანამშრომელს და როგორ აისახება ეს ოფისის ინტერიერზე, პროექტის საწყის ეტაპზევე დაისვა. მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლების ჩართულობა, რათა გაგვეგო მათი მოთხოვნილებები, მოლოდინები და სწორედ მათზე მორგებული სამუშაო სივრცე შეგვექმნა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მარკეტინგის გუნდის ახალი საოფისე სივრცე „თეგეტას“ სტანდარტზეა მორგებული, რაც უკვე 30 წელია მაღალ ხარისხთან ასოცირდება“. – თეონა კოხოძე.

ფოტოგრაფი – ლუიზა ჩალათაშვილი

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g