„ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი ისტორიული არჩევანია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა განმტკიცებული“, – ამის შესახებ განცხადებას ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“ ავრცელებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
როგორც ანსამბლის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, „შავნაბადა“ გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულებს:
„ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის გადადება, დროებით შეჩერება, თუ ნებისმიერი სხვა ფორმით ხელის შეშლა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და, მაშასადამე, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ქუჩაში გამოსული მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს.
ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია და საპატრიარქო დროულად გადადგამს ნაბიჯებს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
ანსამბლი ,,შავნაბადა” ყოველთვის იდგა და იდგება ქართული ეროვნული საგანძურის, ხალხური სამუსიკო ხელოვნების შენარჩუნებისა და ახალი თაობებისთვის გადაცემის ეროვნულ საქმეში – შესაბამისად ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – წერია ანსამბლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერილი ისტორიული…
Posted by Shavnabada • შავნაბადა on ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024