LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება

171
კახა კალაძე

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, თანხის ძირითადი ნაწილი კვლავ ჯანდაცვის მიმართულებას და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

„თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. დღევანდელი მონაცემებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მლრდ 100 მილიონ ლარს აღემატება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 2 ასეული მილიონით მეტია. ბიუჯეტში, ტრადიციულად, სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის მიმართულება ჭარბობს, რაც, დაახლოებით, 530 მლნ ლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთათვისაც 740 მლნ ლარია გათვალისწინებული. მათ შორისაა გარდამავალი პროექტები: 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, ახალი ავტობაზის მშენებლობა, გმირთა მოედნიდან სანაპიროზე გამსვლელი საგზაო კვანძის მოდერნიზაცია, უნივერსიტეტისა და შავიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა, გახოკიძისა და ბურჯანაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია, ე.წ. კადეტთა კორპუსის, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა ახალი პროექტების შესახებაც გაამახვილა ყურადღება:

„2025 წელს რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება და განხორციელებაა დაგეგმილი. კერძოდ, რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ვერის ბაღისა და ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება და სხვა ბევრი პროექტი, რომელთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით. აქტიურად ვართ ჩართულნი საბიუჯეტო განხილვაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მუნიციპალიტეტი მთავრობისგან უპრეცედენტოდ მაღალ დაფინანსებას მიიღებს, რაც მეტი საინტერესო საქმის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს. ბიუჯეტის პროექტი დასრულებული სახით საკრებულოს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება, რომელიც ტრადიციულად, წლის ბოლოს განიხილება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g