„ვისურვებდი, რომ ყველა გახდეს უფრო მეტად თამამი და თავისუფალი. გამოდით, იდექით ხალხთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ასე მიმართა მოქალაქეებს, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფმა ქართველმა კალათბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი ცინცაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვის დროს.
გიორგი ცინცაძის თქმით, ენით აღუწერელია რაც აქციის დაშლის დროს ხდება და როგორც ექცევიან აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალები:
„საშინელებები ხდება… რაც აქ ხდება, ეს – ალბათ, პოლიციას ვერ დავარქმევ – დაჯგუფებები რომ დასდევენ ხალხს, იჭერენ, სცემენ და რა კადრებსაც ვნახულობთ, ენით აღუწერელია.
ვერ ვხვდები, ამაზე ხალხი რატომ არ ბრაზდება და რატომ არ გამოდის, გამოდით.
ძალიან ბევრნი ვართ, ძალიან მიხარია, რომ ამდენი ჯანსაღი აზრია, არ ეშინიათ, გამოდიან და საკუთარ აზრს აფიქსირებენ.
იმ ხალხსაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეშინია, საკუთარი სიკეთეების, კარგად ყოფნის გამო რომ ვერ აკეთებენ ამ ყველაფერზე კომენტარს, უბრალოდ სირცხვილია. მოვა დრო და, ალბათ, თავადაც მიხვდებიან, რომ ეს სირცხვილია და არაფერი, არც კარგად ყოფნა, არც თბილად ყოფნა, არც მთავრობაში ყოფნა არ ღირს, როდესაც არ შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი, თუნდაც იმაზე, რაც აქ, ქუჩაში ხდება“, – თქვა კალათბურთელმა და შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ბრძოლა დასრულდეს, განაცხადა:
„ჩემი აზრით, ეს მუხტი არ შენელდება, სანამ სიმართლეში არ ვიცხოვრებთ, ვიმსახურებთ, რომ სიმართლეში ვიცხოვროთ და ყველას გვქონეს იმის თავი, რომ გამოვიდნენ და უსამართლობაზე საკუთარი აზრი დააფიქსირონ“, – თქვა გიორგი ცინცაძემ.
ცნობისათვის, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
28 ნოემბრიდან დღემდე, უკვე მე-6 დღეა, რაც დედაქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისთან ერთად, საპროტესტო გამოსვლებია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.