რამდენად არის დაკავშირებული ბავშვის კოგნიტური სფეროს განვითარება მშობლებთან – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა ისაუბრა.
რამდენად არის დაკავშირებული კოგნიტური სფეროს განვითარება მშობლებთან? რომელი მშობლის მონაცემები აისახება უფრო მეტად ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე?
რა თქმა უნდა ორივესი, თუმცა თუ ვისაუბრებთ პროპორციულად ვის რა წვლილი მიუძღვის და რა ფაქტორები ახდენს მეტ ზეგავლენას, პირველ რიგში ეს გენეტიკური ფაქტორებია და სხვადასხვა კვლევების მონაცემებით, ინტელექტი, კოგნიტური სფერო განვითარება 60-80-ით არის გენეტიკურად განპირობებული. თუმცა, ცხადია, გარემოც ახდენს თავის ზეგავლენას კოგნიტური ფუნქციების და ინტელექტის განვითარებაზე. ამდენად, გვაქვს ერთის მხრივ გენეტიკური ფაქტორები, მეორეს მხრივ ეპიგენეტიკური, ანუ გარემოს ის ფაქტორები, რაც ხელს შეუწყობს ან არ შეუწყობს გარკვეული გენების ექსპრესიას. მარტივად რომ ვთქვათ, მე შეიძლება ძალიან კარგი გენეტიკური მონაცემებით დავიბადო, მაგრამ ის გარემო სადაც ვიზრდები, შესაძლოა არ უწყოდეს ხელს ამ გენეტიკური მონაცემების სრულად ან მაქსიმალურად გამოვლინებას. შესაბამისად, გენეტიკურ ნაწილში წვლილი ორივე მშობელს მიუძღვის, თუმცა არის მოსაზრებები, რომ დედების წვლილი მეტია. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ კონკრეტულად კოგნიტური ფუნქციების განვითარება დაკავშირებულია X ქრომოსომასთან შეჭიდულ გენებთან.
ანუ თუ დედა გამოირჩევა თავისი ინტელექტით, ბავშვს ავტომატურად გადაეცემა ეს შესაძლებლობები, თუმცა აქვე გარემოსაც აქვს ზეგავლენა?
დიახ, ამ თვალსაზრისით დედის ინტელექტი გამართლებული ინვესტიციაა. და აქ კიდევ შემოდის სხვა ფაქტორებიც, ეს არის ორსულობის პერიოდი, როდესაც დედა გადამწყვეტ როლს თამაშობს ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებაში. ასევე უკვე დაბადების შემდეგ, ჩვილობის პერიოდში, ნერვული სისტემა ძალიან მოწყვლადია და სენსიტიურია გარემო ფაქტორების მიმართ და აქ თუ შევადარეთ მაღალი ინტელექტისა და შედარებით დაბალი ინტელექტის დედებს, ვინ უკეთ იზრუნებს ბავშვის ჯანმრთელობაზე და განვითარებაზე, რა სახის გადაწყვეტილებებს მიიღებს, რთული გამოსაცნობი არ იქნება, ვის რაც ზეგავლენა ექნება. ანუ აქ დიდი როლს თამაშობს ასევე ის ფაქტი, რომ დედა არის ის ადამიანი, ვინც ატარებს დიდ დროს პატარასთან, შედარებით მაინც მეტს ვიდრე მამა, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებთან.
რაც შეეხება კოგნიტურ განვითარებას, ამ მიმართულებით რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? რა როლი აქვთ ამ სფეროს განვითარებაში?
აქ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტორები, რაც ბავშვზე უკვე მაშინ მოქმედებს, ვიდრე ის დაიბადება და ეს არის პირველ რიგში მშობლების მზაობა, რომ გახდნენ მშობლები. აქ ხაზს გავუსვამდი, გარემოს შემზადებას, კერძოდ კი, იმ ფაქტორების გათვალისწინებას, რაც შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ნაყოფის განვითარებისთვის – იქნება ეს მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დაავადებებს, ვირუსულ ინფექციებს და ა.შ ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა დაიგეგმოს და ამისთვის მოემზადოს ორივე მომავალი მშობელი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ფსიქოემოციური ფონი, რომელიც ექნება დედას. ეს არ არის მარტივი დასაგეგმი, ცხადია, მაგრამ ის მაინც რომ გავითვალისწინოთ რისი გათვალისწინებაც არის შესაძლებელი, და რაც მოგვარებადია ორსულობამდე მოგვარდეს. მაგალითად, თუ საუბარია ემიგრაციაზე, ან სამსახურის შეცვლაზე ან სხვა ნებისმიერ დიდ ცვლილებაზე, რაც მოსალოდნელია, რომ მოხდეს მომავალი მშობლების ცხოვრებაში, სჯობს მოგვარდეს ორსულობამდე, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ სტრესი და დედის სტრესის ნეგატიური ზეგავლენა ნაყოფზე.
აღნიშნე რომ სტრესი, რადიკალური ცვლილებები გავლენას ახდენს მშობლების ემოციურ ფონზე და ეს ავტომატურად აისახება ბავშვზეც. თუ არის მონაცემები უკვე მოზრდილ ბავშვებზე როგორ აისახა ორსულობის სტრესი, აქვთ თუ არა შფოთვები ან განსაკუთრებული ემოციური პრობლემები?
აქ ცოტა რთულია მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე საუბარი, თუმცა არსებობს კორელაციური მონაცემები, რომ იმ ბავშვებთან, ვისთანაც ფიქსირდება დასწავლის უნარის დარღვევა, დისლექსია და სხვა პრობლემები, ხშირად ფიგურირებს რთული ორსულობა, ან თუნდაც მძიმე სტრესული ფონი ორსულობის პერიოდში. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის პირდაპირ გამომწვევი მიზეზი და ყოველთვის ეს ასე არ იქნება, მაგრამ ხშირად თანხვედრა არის, ამიტომ არის ყურადსაღები, რომ რაც შეგვიძლია, ის გარემოს ფაქტორები გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება მამის როლს, რაზე უნდა გაამახვილონ მათ ყურადღება? ხშირად მთელი პასუხისმგებლობა მუცლადყოფნის პერიოდიდან და შემდეგ შესაძლოა წლები გადადის დედებზე. მართალია ახალი თაობა ცდილობს რომ ეს იყოს დაბალანსებული. თუმცა, ჩვენს თაობაში და ზევით ამას ნაკლებად ექცეოდა ყურადღება.
კი ბატონო, გეთანხმები, ხშირად ეს გენდერულ როლებთან არის დაკავშირებული, ეს კაცის საქმე არ არის, ქალის საქმეა და აქედან გამომდინარე შესაძლოა იყოს მამების ნაკლები ჩართულობა. ქალები ზრდიან შემდეგი თაობის მამაკაცებსაც და ეს სტერეოტიპები გადადის თაობიდან თაობაში.
აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, როდესაც ხარ ახლადშემდგარი დედა, და მეც მქონია მსგავსი გამოცდილება, ძალიან რთულია პატარაზე ზრუნვა ანდო სხვა ადამიანს. აქ ისედაც მაღალია შფოთვა, რადგან ახალ როლში ხარ, დედობრივი ინსტინქტიც გამძაფრებულია, და ამის ზეგავლენით მაქსიმალურად ცდილობს დედა,რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბავშვის გარემო და ზოგადად ყველაფერი რაც ბავშვს ეხება. ასეთ შემთხვევაში, თავად დედები ნაკლებად რთავენ ბავშვის ზრუნვაში ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის მამებსაც, ან თუნდაც უფროს დედმამიშვილებს, ან ბებია-ბაბუებს. აქ მნიშვნელოვანია, დედამ კარგად გააცნობიეროს, ეს არის მისი მაღალი შფოთვის მართვის მექანიზმი, რომ არავის არ აკარებს ბავშვს, თუ ბავშვზე ზრუნვა? იმიტომ რომ, რეალურად, რაც უფრო მრავალფეროვანი სოციალური გარემო ექნება ბავშვს, და რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მისი გამოცდილება, მით უკეთესია განვითარებაც. ცხადია აქ არის საუბარი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ბავშვისთვის გარემო პოტენციურად საშიში ან საზიანოა, მაგალითად როდესაც იცი, რომ ადამიანი ვერ მოუვლის, ან ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს კრიტიკულ სიტუაციებში, თუმცაღა რაღაც დოზით და რაღაც ფორმით ყველასთან ინტერაქცია არის შესაძლებელი და ამის ჩამოშორება და, მით უფრო, მამის რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ბავშვის ცხოვრებაში, მშობელია, და აქ ზუსტადაც ზოგჯერ ვაშავებთ დედები, როდესაც ჩვენვე არ ვაძლევთ საშუალებას მამებს, თავიანთი ფუნქციები შეასრულონ სრულყოფილად. ამდენად, ნუ შეგეშინდებათ სხვა ოჯახის წევრების ჩართვის ბავშვის აღზრდის პროცესში, რადგან, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბავშვის გარემო, მით უფრო პოზიტიური იქნება ამ გარემოს ზეგავლენა ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე.