ადვოკატ ილია ლომიას განცხადებით, 36 წლის ბექა მინდორაშვილი, რომელსაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას.
„მომხდართან დაკავშირებით გაჩუმებულია, არც ნაცნობობას, არც მოტივს არ უთითებს, არც ბრალდების მხარესთან, არც დაცვასთან. ჩანაწერებში, რომელიც გადმოგვეცა, მანამდე მათ შორის კონფლიქტი არ იკვეთება.
როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით, რამდენიმე თვეა, რაც შესაბამისი დაწესებულება დატოვა. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დაენიშნა. როგორც მე ვიცი, დაახლოებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ის ამ მედიკამენტებს არ იღებდა, მიზეზი მას ოჯახისთვის არ განუმარტავს, პრეპარატების მიღებაზე უარი რატომ განაცხადა.
ბოლო პერიოდში, როგორც ვიცი, სამკურნალო დაწესებულებას თავად მიმართა, ის ამ დროს მსჯავრდებული არ ყოფილა, ნებაყოფლობით მიმართა დაწესებულებას”, – აცხადებს ადვოკატი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა.