ჟურნალისტი დავით ნიკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხსნის რას ნიშნავს, როდესაც ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასანქცირებს და უწყვეტს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ამასთან, ნიკურაძე სამომავლო საფრთხეებზეც საუბრობს.
„1. პირველი და უმთავრესი. ეს არის მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება და გზავნილი, რომ ევროკავშირი კონკრეტული ქვეყნის პრივილეგირებული პირის (მთავრობის) პრივილეგიას, უვიზო მიმოსვლის შესახებ, აღარ აღიარებს და მას ამ პირის განსაკუთრებული სტატუსი ჰკიდია. ეს გარკვეულწილად და ირიბად გულისხმობს ამ პირის (მთავრობის წევრის) ლეგიტიმაციის არაღიარებასაც. უვიზო მიმოსვლა რომ ყველა პასპორტს შეხებოდა, ეს განსხვავება არ იქნებოდა.
2. ბოლომდე არ არის გარკვეული, მიბმულია თუ არა პირად ნომერზე მოგზაურობის აკრძალვა ამ გადაწყვეტილებასთან. ანუ, ჩვეულებრივი პასპორტით შეეძლებათ თუ არა შეუფერხებელი მოგზაურობა. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არ შეიძლება, ევროკავშირის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მოგზაურობის უფლება-უუფლებობის დონეზე დავიყვანოთ. გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მოგზაურობა ყველაფერია, გადაწყვეტილებებსაც ამ პრიზმიდან უყურებს და ვერც გაამტყუნებ. თუმცა მოგზაურობა გადავდოთ გვერდზე. წმინდა პეტრეს ბაზილიკა, ეიფელი და აკროპოლისი ამ ხალხს ნანახი აქვს. აქ საუბარი პრივილეგიაზეა, რომელიც დღეს მათ ბრიუსელმა ჩამოართვა.
3. და მაინც, დღევანდელი გადაწყვეტილება გარკვეულწილად მოახდენს შეფერხებებს მოგზაურობის დროსაც. როდესაც პირი სანქცირებულია, მის მიმართ დამატებითი კითხვები და სიფრთხილე აუცილებლად ჩნდება. ცხადია, ზუსტი შედარება არ არის, მაგრამ დაახლოებით რომ შევადაროთ, ამერიკულ SSSS-ს სამოქალაქო ავიაციაში (Secondary Security Screening Selection). ეს არის საეჭვო პიროვნებების ჯგუფი, რომლებთან დაკავშირებითაც, აეროპორტებში დამატებითი შეკითხვები ჩნდება. შეიძლება იმგზავრო, მაგრამ მხოლოდ საფუძლიანი შემოწმების და ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ. როდესაც პირი დიპლომატიური პასპორტის მფლობელია და ხდება მისი პრივილეგიის ჩამოქვეითება ჩვეულებრივი პირის სტატუსამდე (ანუ დასანქცირება), სიფრთხილის ზომები მატულობს. რატომ დაგასანქცირეს, ვინ დაგასანქცირა, თუ დიპლომატიური პასპორტი გაქვს, რატომ მოძრაობ ჩვეულებრივი პასპორტით და ა.შ. ასეთ მგზავრს უფრო მეტად გაწურავენ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობს. ბევრი ფრთხილი მესაზღვრე, ორჯერ დაფიქრდება, შეუშვას თუ არა ასეთი პიროვნება ევროკავშირის ტერიტორიაზე. მას საერთოდ არ აინტერესებს, სამხარაძე ხარ გვარად თუ დადეშქელიანი. სისტემაში ვხედავ, რომ დიპლომატიურ პასპორტს ფლობ, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის პრივილეგია ჩამოგართვა და სხვა პასპორტით ცდილობ შემოსვლას. შეაბამისად, ჩემთვის საეჭვო ხარ.
4. რატომ არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში და რა საფრთხეს უქმნის დასანქცირებულებს, ევროკავშირის დღევანდელი გადაწყვეტილება და ბალტიისპირეთის ქვეყნების გუშინდელი სანქციები. ევროკავშირის ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიერ წინა დღით დაწესებული სანქციები ძალიან მძიმეა. აქედან ბევრ სხვა შეზღუდვამდე, მათ შორის შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) შეყვანამდე, იგივე შენგენის შავ სიამდე ერთი ნაბიჯია. ევროკავშირის დღევანდელ გადაწყვეტილებამდე ეს რელევანტური არ იყო, რადგან დიპლომატიური პასპორტით გადაადგილების პრობლემები არ ჰქონდათ. ლიეტუვამ კი არა, ევროკავშირის არაწევრმა შვეიცარიამაც რომ დაუწესოს აკრძალვა პიროვნებას, ამ აკრძალვას შენგენის ხელშეკრულების ყველა მონაწილე ქვეყანა ავტომატურად აღასრულებს. ეს არ მოხდებოდა სრული პრივილეგიების მქონე დიპლომატიური პასპორტის ქონის შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ევროპელებმა ერთი კონკრეტული უპირატესობა ჩამოართვეს, ბალტიის მიერ დაწესებული სანქციების სისრულეში მოყვანა ძალიან რეალურია. ქართული დიპლომატიური პასპორტის ნებისმიერი მფლობელის თავზე ახლა უკვე იმდენი დამოკლეს მახვილი ჰკიდია, რამდენი საკონტროლო გამშვები პუნქტი და რამდენი მესაზღვრეც არის 450 მილიონიანი ბლოკის ტერიტორიაზე. ყველა პუნქტს და ყველა მესაზღვრეს დისკრეციით აქვს ნება, პრივილეგიებჩამორთმეული პირი გაატაროს თუ არა. ვერც საელჩო, ვერც მთავრობა და ვერც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა. მისთვის საზღვარზე შემოსული პირი ერთი უბრალო, საჭვო მოგზაურია, რომელსაც უვიზო მიმოსვლის პრივილეგია ჩამოართვეს და ახლა ევროკავშირის ტერიტორიაზე მეორე პასპორტით შემოსვლას ცდილობს.
5. ევროკავშირის სანქციები ირიბად მოქმედებს ევროკავშირის ტერიტორიის გარეთაც. ბლოკის მეგობარი ქვეყნები აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და ასეთი ქვეყნები ბევრია. მათ შორის ისინი, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ და ევროპული თამაშის წესებზე შეთანხმებულები არიან. აღარაფერს ვამბობ ბრიტანეთზე, შვეიცარიაზე, ნორვეგიაზე და სხვა პარტნიორებზე. შეიძლება ნებისმიერ დროს, სადღაც, აისლანდეარის ტრანზიტულ რეისზე ჩასხდომის დროს გაგჭედონ.
6. ეს სანქცია არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ევროკავშირი აღიარებს ხალხის უფლებებს – უტოვებს მას უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას და არ აღიარებს და გმობს მთავრობის ქმედებას (ართმევს პრივილეგიას). ეს არის მკაფიო და კონკრეტული გზავნილი და განსხვავებაზე ხაზგასმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვები საქართველოს ყველა მოქალაქეს (ყველა პასპორტს) დაუწესდებოდა.
7. ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება, სანქცირებული პირი უპრობლემოდ შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, საელჩოსთვის ვიზის მიღებაზე თხოვნით მიმართვაა. ამ შემთხვევაში, ვიზა შესვლის გარანტიას იძლევა და ეს პრაქტიკა მსოფლიოში მიღებულია. მაგალითად, ემი უაინჰაუსი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. ბრიტანეთი ამერიკულ VWP (ვიზა უეივერ პროგრამაში) ჩართულია და მისი პასპორტების მფლობელებს ამერიკაში უვიზო მიმოსვლა აქვთ, თუმცა იმის გამო, რომ ნარკოტიკებზე იყო გასამართლებული, მომღერალი ამ პრივილეგიას ვერ იყენებდა და შეერთებულ შტატებში წასასვლელად მას ვიზა სჭირდებოდა. ამერიკის საკონსულო კი ვიზას არასოდეს აძლევდა. არც მაშინ მისცა, როდესაც 5 გრემი მოხსნა და ღონისძიებას ლონდონიდან სკაიპით ჩაერთო.
დასკვნა:
ევროკავშირის დღევანდელი გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პეტრე პავლე და ივანე ჩამოლაბორანტდნენ არა ჩვეულებრივი მგზავრის დონეზე, არამედ კიდევ უფრო ქვემოთ. ჩვეულებრივი პასპორტებით მოგზაურობა მათ პოტენციურად უფრო მეტ დაბრკოლებას უქმნის, ვიდრე რიგით მოგზაურს. ნუ დავიყვანთ ევროკავშირის ამ სერიოზულ გადაწყვეტილებას, უვიზო მოგზაურობის დონეზე. მართალია, დიპლომატიური პასპორტის ზოგიერთი მფლობელისთვის ევროპა შოპინგია, მაგრამ უმეტესობას სანქცია უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე იმ შანელის პარიზის ნაცვლად დუბაიში ყიდვა.
სულ ეს იყო.
ჭირი იქა (რუსეთში)
ლხინი აქა (ევროპაში)“ – წერს დავით ნიკურაძე.