LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეა დასრულდა: ვისი ფული უფრო ფულობს – ჩააჩოჩებენ თუ ვერა დოლარს

144
fadbb18995ba3dc710c403862ca7e62d_L

„იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები ცდილობენ დოლარს დაშორდნენ, სანამ ჩვენ გვერდით ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ჩვენ ვითხოვთ ამ ქვეყნების ვალდებულებას, რომ ისინი არ შექმნიან ახალ ვალუტას და არ დაუჭერენ მხარს რომელიმე სხვა ვალუტას, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ძლიერი აშშ დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 100%-იან ტარიფებს შეეჯახებიან და დაემშვიდობებიან გაყიდვებს აშშ-ს დიდ ეკონომიკაში“, – დაწერა ახალარჩეულმა და ჯერ სათავეში არმოსულმა ონალდ ტრამპმა და დაამატა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება დოლარი ჩაანაცვლოს საერთაშორისო ვაჭრობაში, მოუწევს „ამერიკას დამშვიდობების ხელი დაუქნიოს“.

რა არის ეს BRICS და რაშია საქმე?

BRICS-ის დამფუძნებელი ქვეყნები – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა – 21-ე საუკუნის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკას შორის არიან. ბოლო წლების განმავლობაში, მათი ლიდერები უფრო ღიად საუბრობდნენ აშშ დოლარზე დამოკიდებულების შემცირების სურვილზე, რომელიც მსოფლიო სარეზერვო ვალუტაა და რომლის წილი გლობალურ ვაჭრობაში დაახლოებით 80%-ია.

ექსპერტები ზოგადად თანხმდებიან, რომ არსებული ფინანსური სისტემა შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვან უპირატესობებს აძლევს: სესხის აღებაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების შესაძლებლობა და მისი ვალუტის სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნება. გარდა ამისა, დოლარი არის ძირითადი ვალუტა, რომელიც გამოიყენება ძირითადი საქონლის შესაფასებლად, როგორიცაა ნავთობი და ოქრო. შემთხვევითი არ არის, რომ ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში სწორედ აშშ დოლარი ხდება ინვესტორებისთვის „უსაფრთხო თავშესაფარი“.

თუმცა, ვაშინგტონი იღებს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ სარგებელს. გლობალური ეკონომიკის დოლარიზაცია შეერთებულ შტატებს ზეწოლის მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს, რაც მას სანქციების დაწესებისა და კაპიტალსა და ვაჭრობაზე წვდომის შეზღუდვის საშუალებას აძლევს. ამიტომ, BRICS ჯგუფი ვაშინგტონს ადანაშაულებს „დოლარის იარაღად გამოყენებაში“ და ცდილობს აიძულოს სხვა ქვეყნები იმოქმედონ აშშ-ს ინტერესებით განსაზღვრულ ფარგლებში.

ახალი ერთობლივი ვალუტის შესახებ დისკუსიები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის გამო. რუსეთის პარტნიორებმა ნათლად განაცხადეს, რომ ეშინიათ გახდნენ სანქციების მომდევნო სამიზნე, თუ დასავლეთთან ურთიერთობა მათთაც გაუფუჭდებათ.

ამჟამად BRICS შედგება 10 სახელმწიფოსგან. რუსეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკას შეუერთდნენ საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, ირანი და ეთიოპია. ალჟირმა, ბანგლადეშმა, ბაჰრეინმა, ბელარუსმა, ბოლივიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა, კუბამ, ჰონდურასმა, ინდონეზიამ, ყაზახეთმა, ქუვეითმა, მაროკომ, ნიგერიამ, პალესტინის სახელმწიფომ, სენეგალმა და ტაილანდმა ასევე წარადგინეს ოფიციალური განაცხადები BRICS-ში გაწევრიანებაზე.

როგორ გაჩნდა იდეა და გეგმა?

BRICS ვალუტის შექმნის იდეა პირველად გაჩნდა 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც აშშ-ს უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსმა და მარეგულირებელმა ხარვეზებმა თითქმის მთელი მსოფლიო საბანკო სისტემის რღვევა გამოიწვია. გასულ წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართულ BRICS-ის სამიტზე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდნენ გამოიკვლიონ საერთო ვალუტის შექმნის შესაძლებლობა დოლართან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ ამ გეგმის განხორციელებას წლები დასჭირდება.

რამდენად რეალურია საერთო ვალუტის იდეა?

ახალი ერთობლივი ვალუტის შექმნა BRICS-სთვის უდიდესი გამოწვევა იქნება, მრავალი სირთულით, რადგან წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებში დიდი განსხვავებაა.

მაგალითად, ავტორიტარული მმართველობის ჩინეთის წილი შეადგენს BRICS-ის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 70%-ს (17.8 ტრილიონი დოლარი). ჩინეთს გააჩნია დოლარის ჭარბი და დიდი რეზერვები, რათა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა, როგორც მთავარმა ექსპორტიორმა. ინდოეთს, პირიქით, სავაჭრო დეფიციტი აქვს, საერთო ეკონომიკით 3.7 ტრილიონი დოლარი. ჩინეთის დომინირება ქმნის უზარმაზარ დისბალანსს ასოციაციაში, რაც ართულებს ინდოეთის მონაწილეობას ერთობლივ პროექტში. BRICS-ის სხვა წევრებს შორის განსხვავებები ასევე აფერხებს საერთო ვალუტის შექმნის იდეას.

ამიტომ, ყველა თანხმდება, რომ სრულფასოვანი ახალი ვალუტის შექმნის პერსპექტივა დოლარის ან ევროს მოდელით უკიდურესად გრძელი და რთული პროცესია. მაგალითად, ერთიან ევროპულ ვალუტას 40 წელიწადზე მეტი დასჭირდა 1959 წლის პირველი დისკუსიებიდან 2002 წელს ევროპელების საფულეებში ევროს ბანკნოტების გამოჩენამდე.

BRICS-ს არ სურს დოლარის შესუსტება

დავუბრუნდეთ ტრამპის მუქარას, რომელსაც უკვე უპასუხეს.

BRICS-ის ქვეყნები არ არიან დაინტერესებული აშშ დოლარის შესუსტებით. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ არ სურთ ამის გაკეთება, ციტირებს Reuters.

ბრაზილიამ ტრამპის განცხადებებს პროვოკაციული უწოდა. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საფრთხეებს „აზრი არ აქვს“ და იმედოვნებს, რომ თეთრი სახლის მომავალი ხელმძღვანელი გაითვალისწინებს გლობალურ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას და არ მიიღებს მსგავს ზომებს თანამდებობის დაკავების შემდეგ.

მანამდე ინდოეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორმა შაქტიკანტა დასმა აღნიშნა, რომ დოლარის გამოყენების შემცირების მიზნით ერთიანი ვალუტის შექმნის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„BRICS-ის ვალუტა იყო იდეა, რომელიც წამოაყენა ბლოკის ერთ-ერთმა წევრმა. განიხილეს, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების გეოგრაფიული ჰეტეროგენულობა“, – განაცხადა მან.

გეოპოლიტიკა თუ ეკონომიკური გაჯანსაღება: რას ამბობენ რუსები

რადგან BRICS-ის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, მოდი ვნახოთ რას ამბობენ თავად რუსეთში და როგორ აფასებენ მის პერსპექტივებს რუსი ექსპერტები.

„დოლარის ჩახშობა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ მოხდება დაუყოვნებლივ, არამედ მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში“, – გამოთქვამს მოსაზრებას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის ხელმძღვანელი ევგენი სმირნოვი.

„დოლარი, მიუხედავად საერთაშორისო სავაჭრო ანგარიშსწორებებში მისი წილის შემცირებისა, რჩება საკვანძო საერთაშორისო სასესხო კაპიტალის ბაზრებზე, ქვეყნების რეზერვებსა და გლობალურ სავალუტო ბაზარზე, სადაც მისი წილი 80%-ს აღემატება. ამ დომინანტობის დასრულებას დრო სჭირდება“, – მიიჩნევს ექსპერტი.

„ტოქსიკურ ვალუტებზე დაფუძნებული გლობალური ფინანსური სისტემა აღარ არის მრავალი ქვეყნის ინტერესებში. BRICS აქტიურად მიდის გადახდების ეროვნულ ვალუტაში გადასვლისკენ, რაც შეამცირებს მათ დამოკიდებულებას დოლარსა და ევროზე, გააუმჯობესებს საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურასა და დინამიკას. ეს დადებითად აისახება ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე“, – ამბობს არტურ ლეერი, ექსპორტიორთა და იმპორტიორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მისი შეფასებით, BRICS-ში ერთიანი ვალუტის შემოღება, თუ ეს მოხდება, კიდევ უფრო გააძლიერებს ტენდენციას ტოქსიკური ვალუტების გამოყენების მიტოვებისკენ.

„ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე გადასვლა ან ერთიანი ვალუტის შექმნა BRICS-ის ფარგლებში ხდება არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ გარდაუვალი ნაბიჯი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და მათი დამოკიდებულების შესამცირებლად ტოქსიკურ ვალუტებზე“, – აჯამებს ლეერი.

დოლარის კოლაფსის საკითხი პირველ რიგში გეოპოლიტიკური განხილვის საგანია და ამერიკული ვალუტის მიტოვების იდეის მიზანშეწონილობა ჯერ კიდევ არ არის შეფასებული, ამბობს სტანისლავ საველიევი, ციფრული გადახდებისა და გადახდის მეთოდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„თეორიულად შესაძლებელია წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც დოლარის პოზიცია დაიკლებს, მაგრამ ამას დასჭირდება მნიშვნელოვანი რესურსი და დრო, რადგან ის რჩება ძლიერ მსოფლიო სარეზერვო ვალუტად მასზე მაღალი მოთხოვნის გამო”, – განაცხადა ექსპერტმა.

„ამავდროულად, „მსხვრევა“ ყოველთვის დესტრუქციულ გავლენას ახდენს თავისუფალი კონკურენციის მქონე ბაზრებზე და ამან, თავის მხრივ, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბაზრის მონაწილეებისთვის ფინანსური ინფრასტრუქტურის ღირებულებაზე“, – მიიჩნევს საველიევი.

პუტინმა ჯერ ადრეაო

„BRICS-ის ქვეყნები ახლა მზად არ არიან შექმნან ერთიანი ვალუტა ეკონომიკის სტრუქტურასა და ხარისხში განსხვავებულობის გამო. მომავალში შესაძლებელი იქნება ამ საკითხს დავუბრუნდეთ, მაგრამ ამ დროისთვის კონცენტრირება ეროვნული ვალუტების გამოყენებაზე, ახალი ფინანსური ინსტრუმენტებისა და SWIFT-ის ანალოგის შექმნაზე უფრო ღირს“, – ასეთია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოსაზრება.

„რაც შეეხება ერთიან ვალუტას, ამ ეტაპზე ჩვენ არ განვიხილავთ ამ საკითხს“, – თქვა მან BRICS-ის ქვეყნების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, BRICS-ის ქვეყნები „ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“ და „იმოქმედონ ნელა და თანმიმდევრულად“.

პუტინის თეატრი დასავლეთისთვის

ვნახოთ რას ამბობენ და როგორ აფასებენ სხვა ექსპერტები.

უილიამ პომერანცივა (ვაშინგტონში კენანის ინსტიტუტის თანამშრომელი):

„მე ვფიქრობ, რომ პუტინის წარმოსახვაში BRICS არის ე.წ. მრავალპოლარული მსოფლიოს შექმნის ინსტრუმენტი, რომლის წყალობით შეიქმნება ალტერნატიული ფინანსური სისტემა, მაგრამ ამ წამოწყებიდან არაფერი გამოდის.
დოლარი რჩება და დარჩება დომინანტურ ვალუტად უახლოეს მომავალში. ახალი ვალუტა არ ქმნის ახალ მსოფლიო წესრიგს, ის არ ქმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებისთვის. ვფიქრობ არავის არ სურს გაყვეს რუსეთს, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება“.

პოლიტოლოგი კრისტიან მელინგი ბერთელსმანის ფონდიდან მიიჩნევს, რომ არ ღირს BRICS-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. ის ყაზანის სამიტში, უპირველეს ყოვლისა, ხედავს პუტინის თეატრს, რომელიც მიმართულია დასავლელი მაყურებლისთვის, რათა აჩვენოს, რომ ის თავად არ არის იზოლირებული.

მონაწილე ქვეყნებს, თქვა ექსპერტმა, ძალიან განსხვავებული ინდივიდუალური ინტერესები აქვთ: „ზოგს სურს იყოს საპირწონე დასავლეთისთვის, ზოგი ეძებს თავის ადგილს, თავის კურსს დასავლეთსა ახალ და აღმოსავლეთს შორის. მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან“.

„ჩინეთთან ერთად მოსკოვს სურს BRICS გადააქციოს G7-ისა და G20-ის კონკურენტად“, – ამბობს კევინ ჰაგენი, ყოველკვირეული გამოცემა Der Spiegel-ის მიმომხილველი, – „პუტინი და ჩინეთის ლიდერი ოცნებობენ დაარღვიონ შეერთებული შტატების პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობა.
საკითხავია, რამდენად რეალურია ეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ BRICS-ის ქვეყნები შორს არიან ამ საკითხში ერთიანობისგან და ყველა არ იზიარებს პუტინისა და სი ძინ პინის ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ კურსს, – ამბობს ჰაგენი და ასკვნის:
ასე რომ, პუტინისთვის მთავარია სურათები, კადრები, რომლებშიც ის თავის უცხოელ კოლეგებთან თავს იწონებს: „შოუს ელემენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუტინისთვის, რადგან მას სურს დაამტკიცოს, რომ ის არ არის იზოლირებული მსოფლიო ასპარეზზე, მიუხედავად მისი ომისა უკრაინის წინააღმდეგ“.

ცოტა ისტორია

როგორ მოხდა მსოფლიოს დოლარიზაცია

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, აშშ დოლარი რჩება დომინანტურ სარეზერვო და ანგარიშსწორების ვალუტად საერთაშორისო ბაზარზე. ეს დაიწყო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს სჭირდებოდა სტაბილურობის უზრუნველყოფა საქმიანობის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ევროპული ქვეყნები და სსრკ, რომლებიც იმ დროს საკვანძო პოზიციებს იკავებდნენ, უაღრესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ძვირადღირებული და დესტრუქციული ომის შემდეგ. ქვეყნებს სჭირდებოდათ ომით განადგურებული ეკონომიკის აღდგენა, ქალაქების რეკონსტრუქცია, ინფრასტრუქტურის აშენება და მშვიდობიანი არსებობის დაბრუნება. ევროპის მრავალი ქვეყანაც ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. იმ დროს სახელმწიფო, რომელსაც პრაქტიკულად არ ეხებოდა მეორე მსოფლიო ომის მოვლენები, იყო შეერთებული შტატები. იმის გამო, რომ ვაშინგტონმა მსოფლიო კონფლიქტი შედარებით მარტივად გაიარა, შესთავაზა ფინანსური დახმარების პროგრამა სახელწოდებით „მარშალის გეგმა“ (ევროპის ქვეყნების ომის შემდგომი აღდგენისთვის). ამ გეგმის წყალობით, დოლარი შევიდა ევროპაში უზარმაზარი ნაკადებით, რამაც, ასე თუ ისე, ჩაანაცვლა ეროვნული ვალუტების პოზიცია. ამრიგად, ევროპის ქვეყნები, კერძოდ, ბრიტანეთი ფუნტი სტერლინგით, რომელიც ადრე მსოფლიო სარეზერვო ვალუტა იყო, ისევე როგორც სსრკ, კრიზისში იყვნენ და ვერ აძლევდნენ მსოფლიოს ფულად-საფინანსო სტაბილურობას და აშშ დოლარი აღმოჩნდა ყველაზე იმედის მომცემი ვალუტა.

დოლარის საერთაშორისო სარეზერვო საშუალებად გადაქცევის ოფიციალური დასაწყისი 1944 წელია, როდესაც ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, დოლარი მთლიანად გახდა მსოფლიო სარეზერვო ვალუტა. ის დიდი რაოდენობით მიემართებოდა ცენტრალურ ბანკებში მთელს მსოფლიოში და იყო უნივერსალური ფასების მექანიზმი მრავალი საქონლისთვის. დოლარი თავდაპირველად ოქროსთან იყო მიბმული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადვილად შეიძლებოდა ოქროზე გადაცვლა. ბევრმა ქვეყანამ რეზერვების შექმნა ამერიკულ ვალუტაში დაიწყო – როგორც ყველაზე საიმედო და სტაბილური მსოფლიოში.

მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, ცივი თუ ცხელი ომები, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის და ახალ დაპირისპირებას ფინანსურ-ეკონომიკურ ველზეც უნდა ველოდოთ: ვისი ფული უფრო ფულობს…

ფოტო: rua
globaltimes
cointribune
carnegieendowment
indianexpress

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g