LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები – არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“

234
სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია – აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე. 29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს. ეს ყველაფერი რომ ნათელი იყოს, ხვალ, საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან აქ არამხოლოდ სცენა, არამედ, როგორც ჩანს, ხმაც დამიპატიმრეს. მაგრამ, არაფერი იქნება. შევხვდებით და გელოდებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის რჩება პრეზიდენტად და საქართველოს კონსტიტუციის ერთგული:

„მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს“ – სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

მისი თქმით, მათ არ ეშინიათ, რადგან იქ მხოლოდ სიყვარული სუფევს და ვინც ამბობს, რომ იქ ვინმესთან დაპირისპირება ბევრ ტყუილთა შორის ეს კიდევ ერთი ტყუილია.

პრეზიდენტის თქმით, ის რჩება საქართველოს მოქალაქეების ერთგული:

„მე მინდა, ახლა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე ფიცი 6 წლის წინ დავდე. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული, იმ ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ. ასევე, ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს, გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არა ვარ ყველასი პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდა, მიკროფონი გაითიშა. სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის გაგრძელება ე.წ. მეგაფონით მოუწია.

magti 5g