„მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ“, – ამის შესახებ რუსთაველზე მიმდინარე აქციების მონაწილემ, დავით გოგილაშვილმა განაცხადა.
დავით გოგილაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე დაზარალებულთაგან ერთ-ერთია. მისი თქმით, მას მხოლოდ ტელეფონი აღმოაჩნდა, „თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ“.
საია-ს ცნობით, დაკავებულ დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ: „ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა“.
„მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ტელეფონი აღმომაჩნდა, თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ.
ჩემი ტელეფონი თავდაპირველად ორთაჭალაში რომელიღაც შსს-ს შენობაში გადაიტანეს, თუმცა შემდეგ რომელიღაც პოლიციელმა ან სპეცრაზმელმა ის დიდ დიღომში, თავის საცხოვრებელ ბინაში წაიღო, რისი იდენტიფიცირებაც ტელევიზიებმა მოახდინეს, დაადგინეს ვინაობა – სად ცხოვრობს, რომელ კორპუსში, თუმცა როდესაც ამაზე განვაცხადე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რეაგირება კვლავ არანაირი არ იყო. მათ შეუძლიათ დღესვე დააბრუნონ ჩემი ტელეფონი, თუმცა ამას არ აკეთებენ“, – განაცხადა დავით გოგოლაშვილმა.