21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს შესრულებულმა მასშტაბურმა ცეკვა „ხორუმმა“ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
პერფორმანსს სოციალურ ქსელში ეხმაურება რეჟისორი ლანა ღოღობერიძეც და აღნიშნავს, რომ „რუსთაველის გამზირზე ხორუმის ილეთებით გაერთიანებული, გამარჯვებისკენ მიმავალი საქართველო დღეს უკვე რეალობაა“. ამასთან, რეჟისორი მკითხველს საკუთარი წიგნიდან ამონარიდს უზიარებს:
„გუშინდელი დღის მერე გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი წიგნის „როცა აყვავდა ნუშის“ ეპილოგი, – წიგნი გამოსულია და ველოდები პრეზენტაციისთვის შესაფერის დღეს.
„ასე, თითქოს შეუმჩნევლად, მივადექი დასასრულს.
ადამიანის სიცოცხლეს თავისი კანონზომიერება აქვს, დიდხანს სიცოცხლეს – კიდევ უფრო განსაზღვრული და უპირობო. როცა სიკვდილი აქვეა, როცა კანით გრძნობ მის სიახლოვეს, შენ წინ გადაშლილი სამყარო უფრო გამჭვირვალე ხდება. უბრუნდები იმას, რაც 2000 წლის წინ გამოიგონა კაცობრიობამ და რაც თავის არსში ყველა რელიგიის საფუძველია – მოყვასის სიყვარულს.
ცხოვრების ბოლოს ფიქრობ, რომ არსებობის ნამდვილი არსი და მიზანიც ეს არის…
იყო იმისათვის, რომ დაინახო, შეიგრძნო სხვა, გაიზიარო მისი ჭირი და ლხინი.
როცა შეგიძლია, დაეხმარო.
მერე შენ გაგიჭირდება და ის დაგეხმარება.
ან სულ უბრალოდ იდგებით ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ, როგორც ხორუმში. ხანდახან ასეთი ჩუმად გვერდით დგომაც შვების მომტანია.
და კიდევ უფრო – ფეხშეწყობილი სვლა ცხოვრების გზებზე, მოძრაობა ერთად, რიტმში, მხარდამხარ, როგორც ხორუმში.
ეს სოლიდარობაა. კაცობრიობას კი სოლიდარობაზე უკეთესი არაფერი გამოუგონია.
საყოველთაო სოლიდარობა საყოველთაო განწმენდაა.
ხორუმი კი – ცეკვის ილეთების ენაზე თქმული სოლიდარობა.
ზმანება, რომელსაც აქვს ტენდენცია იქცეს რეალობად:
საქართველოს მკვიდრნი, მოქალაქეები: ადამიანები – დიდები, პატარები, ქალები, კაცები, ხელიხელჩაკიდებულნი
და მხარიმხარსმიყრდობილნი, ხორუმის რიტმში იწყებენ სვლას და მიდიან. მიდიან ერთად, დიდი მიზნისაკენ.
ეს მიზანია – ყველამ ერთად შევქმნათ თანამედროვე, ევროპული, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც ყველას აქვს ბედნიერების, სიხარულის და სილამაზით ტკბობის უფლება და შესაძლებლობა.
და აღარავის ახსენდება ილიას სიმწრით ნათქვამი სიტყვები: „ვაი იმ ხალხს, რომელდაც საერთო ძაფი გაუწყდა, ვაი იმ ქვეყანას, სადაც საერთო ძარღვებში სისხლი გაშრა“.
აღარ ახსენდება იმიტომ, რომ ზმანებაში ამ ხალხს საერთო ძარღვი არ გასკდომია, და მათი სისხლი სწორედ საერთო ძარღვებში მოედინება…“
ისე მოხდა, რომ დღეს ეს ზმანება კი აღარ არის, არამედ უბრალოდ რეალობა: რუსთაველის გამზირზე ხორუმის ილეთებით გაერთიანებული, გამარჯვებისკენ მიმავალი საქართველო!“, – წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
გუშინდელი დღის მერე გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი წიგნის „როცა აყვავდა ნუშის“ ეპილოგი, – წიგნი გამოსულია და ველოდები…
Posted by Lana Gogoberidze on კვირა, 22 დეკემბერი, 2024