LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI: წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით – ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე

112
ცესკო

ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.

„წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა. დაკვირვებით გამოვლინდა ამომრჩეველთა იძულებისა და შედეგებზე მანიპულირების რთული ტაქტიკის მთელი სპექტრი. მათ შორის იყო მზაკვრული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებას, მათზე ზეწოლას, თვალთვალსა და ხმის ფარულობის დარღვევას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფერს ემატებოდა არჩევნების დღეს განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც მოიცავდა ამომრჩევლებზე თვალთვალის კოორდინირებულ მცდელობებს, იძულებას, ხმების ყიდვას, ე.წ. „კარუსელს,“ ბიულეტენის ფარულობის დარღვევას, მარკირების პროცედურაში ჩარევასა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნას. საარჩევნო დავების მოგვარების არაეფექტიანმა მექანიზმებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არჩევნების შემდეგ გრძელვადიან არასტაბილურობაში გადაიზარდა. დემოკრატიული პრინციპი, რომ საზოგადოებამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის სტაბილურობისა და ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე.

საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას. IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა. მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები.

IRI-ის მისია გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესსა და ენთუზიაზმს საქართველოში სანდო, ინკლუზიური და გამჭვირვალე არჩევნების მიმართ. მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც წარმოიშვა არჩევნების შედეგად. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს საარჩევნო ადმინისტრაციის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას; ხელს შეუწყობს მედიის თავისუფლებას, უფრო ინკლუზიური და ღია პოლიტიკური გარემოს შექმნას. ამ გამოწვევების გადაჭრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული პროგრესის, ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის და საბოლოოდ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები იყოს ხალხის ნების ნამდვილი გამოხატულება.”, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g