„ძალიან რთული ვითარებაა. ბუნებრივია, იმიტომ რომ ქვეყანას მართავენ მანიაკები და არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს“, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგა ჟვანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას გოგა ჟვანიამ აღნიშნა, რომ დღეს „თვალს ვადევნებთ შესანიშნავ პროცესს, რადგან მთელი ერი გაერთიანებულია.“
ამასთან, მისივე თქმით, ამ რთულ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილი „დემოკრატიული პროცესის“ ლიდერი გახდა.
„ძალიან რთული ვითარება გვაქვს, თუმცა მეორეს მხრივ თვალს ვადევნებთ შესანიშნავ პროცესს. მთელი ერი გაერთიანებულია. 35 წელია მიწევს რუსთაველზე პროტესტი და ასეთი ლამაზი და ჯანსაღი მოძრაობა არ მახსოვს. ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ჩვენ ნამდვილად ვუახლოვდებით ევროპას შეგნებით და საქართველო ნამდვილად გახდება ევროპული ქვეყანა.
როდესაც საზოგადოების პროტესტს ხედავენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩანს, რომ პატარა არაა პოლიტიკური ჯგუფის განწყობები და სურვილები. პარტნიორი ქვეყნებისთვის წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებამ ამდენი ხმა გააუქმოს არჩევნების დროს, მაგრამ როდესაც ხედავენ საზოგადოების ასეთ აქტიურობას, პროცესის მიმართ მხარდაჭერა ბუნებრივია უფრო იზრდება. არჩევნების შემდეგ დასავლეთში ერთგვარი იმედგაცრუება იგრძნობოდა. 28 ნოემბრის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში სალომე აღმოჩნდა ასეთი პოლიტიკური ფიგურა და ასეთი პრინციპული. საოცრად სწორ პოზიციაზე დგას და სწორ ლიდერად გადაიქცა, დემოკრატიული პროცესის ლიდერი გახდა. შეიძლება მისი ბევრი კრიტიკა, მაგრამ ახლა ამას უკვე აზრი არ აქვს. ახლა ჩვენ ყველანი ერთ მხარეს ვართ.
თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის დიდი ბრძოლა მიდის, სალომე არის ჩვენი წინამძღოლი ამ ბრძოლაში, რაც მთავარია ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი.
სანამ საქართველოში არ ჩატარდება შემდგომი არჩევნები, სალომე იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი“. – ამბობს გოგლა ჟვანია.