პლატფორმა Freebusiness.ge, რომელიც 15 დეკემბერს შეიქმნა და რომელზეც დარეგისტრირებული 2428 კომპანია ახალ არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს, იანვრის ბოლომდე ხელმომწერების შეხვედრას აანონსებს.
როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკაზე გავლენის და ბიზნესის საფრთხეებისადმი მზადების საკითხებს შეეხება
„შეხვედრის მთავარი მიზანი, ბიზნესების ფიზიკურად ერთ სივრცეში შეკრება-გაცნობით, ერთმანეთის დახმარება, პროცესებში რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური მხარის ჩართვა და პანელური დისკუსიის გამართვა იქნება, რომელზეც მხარეები პოზიციებს დააფიქსირებენ, პროგნოზებს გააკეთებენ, რათა ბიზნესმა 2025 წლის საქმიანობა ამის მიხედვით დაგეგმოს,“ – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმის Freebusiness.ge ხელმომწერები თანხმდებიან იმაზეც, რომ შეხვედრაზე ის კომპანიებიც უნდა მიიწვიონ, რომლებიც, შესაძლოა, მათ იდეას იზიარებენ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო პოზიციას ღიად ვერ აფიქსირებენ.
ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ პლატფორმაზე ბიზნესის ხელმოწერები კვლავ გაგრძელდეს. პროცესი ამ ეტაპისთვის დასრულებულია.