„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. „საიას“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მან დღეს ,,ბათუმელებისა” და ,,ნეთგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
როგორც საიაში განმარტავენ, „მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა“.
„დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.
მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანებების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
საია მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.
დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს“,- აღნიშნა ქურდოვანიძემ.