ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის – „ნოესთან“ გასული ეპიზოდის სტუმარი დეკანოზი საბა ჭიკაიძე იყო.
დეკანოზმა გადაცემაში საკუთარი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები და ტრაგიკული ეპიზოდი გაიხსენა – მან ისაუბრა გარდაცვლილ შვილზე, ახალშობილ ტყუპისცალზე, რომელიც 1994 წელს მეორე სამშობიაროში დაიბადა.
„ტყუპები 1994 წლის 25 თებერვალს მეორე სამშობიაროში გაჩნდნენ. არეული დრო იყო, იმ უშუქობასა და უბედურებაში, როგორც მახსოვს, ეს იყო ერთადერთი სამშობიარო, სადაც გენერატორი ჰქონდათ, დენის გათიშვის შემთხვევაში პრობლემები რომ არ წარმოქმნილიყო…
გენერატორი არაფრით არ ჩართეს, ბავშვი ასფიქსიაში დაიბადა, დენის მოსვლას ელოდებოდნენ – „მალე მოვაო“. უცნაური იყო…
ჩვენც პატარები, გამოუცდელები ვიყავით, ვერც ვერავინ შევაწუხე. საგანგებო მოწყობილობაა, სადაც ათავსებენ ახალშობილს, რომელსაც სუნთქვის პრობლემა აქვს – როგორც მითხრეს, ბავშვმა ფილტვები ვერ გაშალა – იქ ჟანგბადით ინტენსიური კვება სჭირდება, დენი რომ წავიდა, პატარა სარკმელი გამოუღეს, იქიდან რა უნდა ესუნთქა? ბავშვი [ტყუპისცალი] მესამე დღეს გარდაიცვალა. მონათვლა მოვასწარი, დავკრძალე კიდეც, მაგრამ საინტერესოა ის, რომ შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება ბავშვი არ გარდაცვლილა.
პროექტის „ვეძებ“ ავტორი თამუნა მუსერიძე შემთხვევით გავიცანი, საუბარს მოჰყვა, რომ სწორედ პირველ და მეორე სამშობიაროებში, იმ პერიოდში, ამ ბავშვებით მასობრივად ვაჭრობა ხდებოდა. მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ გარდაიცვალა და ამ დროს ბავშვს ყიდდნენ“, – ამბობს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.
შეკითხვაზე: აქვს თუ არა ეჭვი, რომ შეიძლება ბავშვი ცოცხალი იყოს, დეკანოზი პასუხობს:
„ამის ეჭვი იყო, ვერ მოვძებნეთ ვერც საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ვერც სამშობიაროს სიმართლის წიგნში, სამშობიაროში შესვლის დროსაც კი არ იყო დაფიქსირებული, რომ ტყუპზე იყო ორსულობა.
ჩემი ხელით დავკრძალე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ ჩემი შვილი იყო… ვერ დავიჩემებ, რომ ჩემი შვილი არ დამიმარხავს, შეიძლება ეს ასეც იყო. გენეტიკური ანალიზიც გავიკეთე, პასუხებიც მოვიდა. ან სინამდვილეა, რომ ჩემი შვილი დავკრძალე, ან ცოცხალია, ეს ყველაფერი გაიგო, მაგრამ არ სურს ტკივილების განახლება“, – აღნიშნა დეკანოზმა გადაცემაში „ნოესთან“.
◼️დეკანოზი საბა ჭიკაიძე გარდაცვლილ შვილზე #ნოესთან🎬 დაბადებიდან მესამე დღეს ბავშვი გარდაიცვალა… მერე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა… ◼️დეკანოზი საბა ჭიკაიძე გარდაცვლილ შვილზე #ნოესთან ◼გადაცემა სრულად https://bit.ly/4gXfPTt
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on კვირა, 19 იანვარი, 2025