„თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ, თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, ჯობია საკუთარ თავზე იფიქროთ – ჩვენ ვერც სანქციებით დაგვაშინებენ, ვერც შანტაჟით“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც ამერიკულ სანქციებზე დაუსვა კითხვა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის დაიცავს.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ სანქციებით და სანქციების შანტაჟით ვერავინ შეგვაშინებს. ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს… თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ, თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, ჯობია საკუთარ თავზე იფიქროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გაქვთ უმძიმესი მდგომარეობა. დღეს თქვენი სახით, ამ რადიკალების სახით, ვხედავთ, გაფარჩაკებულ, გაუბედურებულ, გაჩანაგებულ ოპოზიციას და საკუთარ თავზე იზრუნეთ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას, ჩვენ აუცილებლად მივხედავთ და გავამაგრებთ ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ცნობებს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, „მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.
კალაძე ამბობს, რომ როდესაც მართალი ხარ, ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე „ბოლომდე გაიტანო“ და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი „ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება“.
„ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი ასეთ ქმედებებს ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი, ყველგან შეგიძლია შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, აქაც, ამ ბრძოლაში ის იქნება გამარჯვებული“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ისაუბრა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება.
„იცით, რომ დღეს გაიმართება მისი ინაუგურაცია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, ჩვენთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა მნიშვნელოვანია და ჩვენ, ზოგადად მივესალმებით იმ მესიჯებს, რომელიც ჟღერდება ტრამპის გუნდის მხრიდან.
პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, რასაც ისინიც აცხადებენ, ეს არის „დიფ სტეიტის“ დამარცხება, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ მსოფლიოსთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიციისთვის სასიკეთო არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არ ხდება და მათ დანგრეულს, გაუბედურებულებსა და „გაფარჩაკებულებს“ უწოდებს.
„ოპოზიციას, რაც შეეხება მათთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ოპოზიცია არის დანგრეული, გაუბედურებული და „გაფარჩაკებული. მათი მხრიდან არა ერთი განცხადება მოგვისმენია, რომ ტრამპს ოლიგარქსა და ჯამბაზს ეძახდნენ, ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს, ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. მათ თავიანთი ქვეყანა არ აინტერესებთ, მათ თავიანთი პატრონები ჰყავთ, ვიცით ვინც არიან ესენი და საიდან იმართებიან“,- განაცხადა კახა კალაძე.