„უზარმაზარი პერსონალური ინფორმაცია იქნა წაღებული სასტუმრო „შერატონიდან“, მათ შორის, სხვა სტუმრების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია. ეს მიანიშნებს, რა საფრთხის მატარებელია ამ სასტუმროში გაჩერება. თუ მართლები არიან, თავდამსხმელებს რატომ მალავენ? მოვა დრო და ვისაუბრებთ, რა მოხდა. პარალელურ გამოძიებას ვატარებთ, დაახლოებით 4-5 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბერდია სიჭინავამ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე საუბრის დროს განაცხადა, „ადამიანები მივიდნენ და სასტუმროდან დაახლოებით 20 ვინჩესტერის მოცულების ინფორმაცია წაიღეს“.
„თავიდან გვეგონა სამართალდამცავი ორგანოების ზეწოლის ქვეშ იყო სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაცია, რა მიზეზს არ იგონებდნენ. რეალურად კი თანამზრახველები აღმოჩნდნენ. თურმე, მთელი ეს დღეები ელოდებოდნენ პროკურატურისგან განჩინების მიღებას, რათა სერვერული ინფრასტრუქტურა, სადაც პერსონალური ინფორმაცია ინახება, ამოეღოთ და ხელმიუწვდომელი გამხდარიყო გახარიასთვის და საზოგადოებისთვის.
ეს კრიმინალური აქტი აღბეჭდილია ამ ვიდეოჩანაწერში. სტანდარტულ შემთხვევაში შემდეგნაირად ხდება: საგამოძიებო ორგანო მიდის შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის განჩინებით, იწერს სერვერებიდან ინფორმაციას, რომელიც მათთვის საინტერესო პერიოდს შეეხება და ამაგრებენ სისხლის სამართლის საქმეზე.
ადამიანები მივიდნენ და დაახლოებით 20 ვინჩესტერის მოცულების ინფორმაცია წაიღეს სასტუმროდან. გუშინ გავარკვიეთ, რომ სასტუმრო „შერატონს“ შუა დღის საათებში ნაყიდი ჰქონდა დაახლოებით 20 ვინჩესტერი, რათა ეს სერვერული ინფრასტრუქტურა გამართული ყოფილიყო. უზარმაზარი ინფორმაცია იქნა წაღებული, მათ შორის, უამრავი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, ვინც სასტუმროში ცხოვრობდა და ცხოვრობს, სასტუმროს სტუმრებისაც. ეს მიანიშნებს, რა საფრთხის მატარებელია ამ სასტუმროში გაჩერება. ეს სასტუმრო არის კრიმინალური რეჟიმის მომსახურე სასტუმრო.
ამ სიგიჟეების შემოქმედია ივანიშვილი, რომელიც რეჟიმის მთავარ სახედ იქცა. მას ნიღაბი აქვს ჩამოცმული და ისე ძალადობს საკუთარი შვილის ტოლ მოქალაქეებზე. ახალგაზრდები ციხეში ჰყავს დამწყვდეული, მისი დავალებით სცემს, იტაცებენ რუსთაველის ქუჩებიდან, ტელეფონებს და ჯვრებს ართმევენ მოქალაქეებს, პირში აფურთხებენ, ამ ყველაფრის შემოქმედია ნიღაბჩამოცმული ივანიშვილი, რომელიც ახლა სადღაც იმალება. ალბათ, საკუთარი შვილებიც არ უყვარს. როგორ შეიძლება საყოველთაო ზიზღის ობიექტად აქციო ოჯახი. ამ პირობებში, მოლოდინია, რომ რაღაც სიგიჟე დაიგეგმება, პირველი, ალბათ, ყავისგან დაზარალებული ზონდერი შესაძლოა გვყავდეს. თუ მართლები არიან, თავდამსხმელებს რატომ მალავენ? თუ გახარია დაესხა თავს, რატომ იმალებიან ესენი? ჭუჭყიანი მორალის ადამიანები სად იმალებიან?! მოვა დრო და ვისაუბრებთ რა მოხდა. ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება. პარალელურ გამოძიებას ვატარებთ და დაახლოებით 4-5 ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავს. ველოდებით გამოძიებას, შანს ვაძლევთ გამობრძანდნენ და ისაუბრონ, რაც მოხდა რეალურად“, – თქვა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას სამუშაო რეჟიმი არ შეუწყვეტია და სამუშაო შეხვედრებს მეორე დღიდანვე მართავდა.
„სამუშაო გრძელდება, უფრო შემართებით, ბევრად უფრო გეგმაზომიერად მივიყვანთ რეჟიმს იქამდე, რომ მოძალადე რეჟიმი საბოლოოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში, ივანიშვილის ტყვეები ციხიდან გათავისუფლდეს“, – განაცხადა სიჭინავამ და ევროპარლამენტში გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„ასეთი ბრუტალური გამოვლინება რეჟიმს დასასრულთან უფრო აახლოებს. გახარიაზე თავდასხმა არ არის კლასიკური ტიპის ოპოზიციონერზე თავდასხმა, ის არის ყოფილი პრემიერი. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ უსაფრთხო ამ ქვეყანაში არავინაა, მათ შორის არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები. საქართველო არის საკითხი, რომელიც ევროპის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. რეჟიმმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ყველა ხვდება რომ ე.წ. ოცნების ხელისუფლებას ხელი ვერ ჩამოერთმევა. ესენი არიან პოლიტიკური კეთროვნები! პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისათვის, 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“