LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ კიკნაძის წერილი ციხიდან: „აქ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა… ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მივცემდი უფლებას, ჩვეულებრივ გამეგრძელებინა თუნდაც აქაური ცხოვრება“

115
რევაზ კიკნაძე

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რევაზ კიკნაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 იანვარს პატიმრობაში დატოვა, საპატიმროდან „ტვ პირველს“ წერილს უგზავნის.

დაკავებულმა რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა

ციხიდან გამოგზავნილ მიმართვაში რეზო კიკნაძე წერს, როგორ მიიღო შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება. მისი სიტყვებით, ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მისცემდა უფლებას, რომ ცხოვრება ჩვეულებრივ გაეგრძელებინა.

„ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო გუშინ, 84-ე საკანში. ტელევიზორი გვქონდა ჩართული, მე წიგნს ვკითხულობდი, როცა TV პირველიდან ხმა ჩამესმა – „ქალბატონი მზია, 7 დღეა, შიმშილობსო. მაშინვე ბრძოლა წავიდა ჩემს თავში. მეც ხომ არ შევუერთდე ხვალიდან, კარგი იქნება, სოლიდარობას გამოვუცხადებ, თან იქნებ სხვებიც აგვყვნენ. აქ ხომ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა.

სხვებიც რომ აგვყოლოდნენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე ჩემი უნდა გამეკეთებინა. უსამართლო მოსამართლეებმა 80-კაციანი ბანკეტი, ჭამა-სმა და ღრეობა მოაწყვეს უდანაშაულოთა დაღუპვის ფონზე. ჰოდა, ამის ფონზე მე ციხეში ვიშიმშილებ.

ბევრი რაღაც დაგროვდა ბოლო პერიოდში – ქალბატონი მზიას საქმე, ანუ ქალ ჟურნალისტებზეც გადავიდნენ. 616 გაურკვეველი დოსიეს მქონე პატიმრის შეწყალება, მაშინ როდესაც უდანაშაულოები საკნებში ჩაგვყარეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. იმ 616 კაციდან კი ვინ რა დააშავა, ან რით დაიმსახურა ამნისტია, რატომღაც დაფარულია. საკმაოდ დიდ ეჭვს აჩენს – იქნებ ტიტუშკების მარაგი აქვთ შესავსები.

ყოველ დღე სხვადასხვა ლოკაციაზე თავს ესხმიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, ქალებს, კანონის ფარგლებში გაფიცულებს. მთავრობის მიგზავნილი ზონდერები და პოლიციის რეაგირება ნულია. ასევე, რუსული კანონის აქციებზე 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, მისჯილი წლები და დაკარგული ახალგაზრდობა და რისთვის ჯართზე? არმატურისთვის?

ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მივცემდი უფლებას, ჩვეულებრივ გამეგრძელებინა თუნდაც აქაური ცხოვრება, მეჭამა და მესვა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ამიტომ გადავწყვიტე, კვლავ, უკვე მესამედ მეშიმშილა. სხვანაირად აქ ბრაზი როგორ უნდა გამოხატო აბა? კარგი იქნებოდა სხვებიც ამყოლოდნენ და საერთო პროტესტის ფორმა მიგვეცა, ტალღა აგვეგორებინა…

დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

ჰო, კიდევ, 5 მარტამდე მე კიდევ ერთი სასამართლო ჩამენიშნა 6 თებერვალს – ადმინისტრაციული სისულელეების ამოქექვაზე ფულის გამოძალვაზე გადავიდნენ. სიტყვასიტყვით ასე წერია – 25 ნოემბერს ქვის ტარების გამო, შენახვასაც ხომ არ მედავებიან?! იქნებ გზებიც გაწმინდოთ ყველანაირი ქვისგან თუ უკანონო და აკრძალული საგანია, რატომ არის მაშინ ნებისმიერი ქუჩის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი? მებრძოლეთ რამდენიც გინდათ, ამ ბრძოლას შევეწირები და უსამართლობის მხარეს მაინც არ დავდგები. ვერ გამტეხთ!

და ბოლოს, ვიშიმშილებ თუ შიმშილის გარეშე ვიჯდები დილეგში, მაინც ყოველთვის შენზე თავისუფალი ვიქნები რიგითო „ქოცო“ – შენ ბელადს უნდა ასიამოვნო, მის ნათქვამს ვერ გადახვალ. ჩემს გონებას კი ვერავინ მართავს, ჩემი თავი მევე მეყუდვნის.

დაიმახსოვრეთ: თავისუფლება სულის ზეიმია და არა ხორცის! არ შეშინდე გაბრაზდი!“, – წერია რევაზ კიკნაძის მიერ, ციხიდან „ტვ პირველისთვის“ გაგზავნილ წერილში.

ცნობისათვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე რევაზ კიკნაძე ერთ-ერთია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იმ 11 მოქალაქიდან, რომლებიც 10 იანვარს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

რევაზ კიკნაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, 21 იანვარს შიმშილობა დაიწყო.

ფოტო სლაიდზე: „მთავარი არხი“; On.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g