დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძისთვის სწორედ ახლა დადგა ის პერიოდი, როდესაც 25-წლიანი მუშაობის თავზე, საკუთარი პერსონალური საჭიროებებისთვის მოიცალა, ხატავს არა სხვისი შეფასებისთვის, არამედ სიამოვნებისთვის, რომელსაც ტილოსთან ურთიერთობა და ფიქრებთან მარტო დარჩენა ანიჭებს, უსმენს ორგანიზმს, მოგზაურობს და ეცნობა ახალ-ახალ ქვეყნებს, რომლებიც ინსპირაციისა და რაც მთავარია, გაკვირვების ახალ ტალღების მოსაზიდად საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.
მის ცხოვრებაში არის განსაკუთრებული ადამიანი, ქალიშვილი, ანასტასია, რომელიც პარიზში სწავლობს და როგორც დიზაინერი ამბობს, იმაზე უკეთესი ადამიანია, როგორიც თავად წარმოედგინა…
ავთო, დღეს როგორ უყურებ იმ ყველაფერს, რასაც წლების წინ სხვანაირად უყურებდი? რა გადააფასე ბოლო პერიოდში?
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა იმიტომ, რომ დადგა რადიკალურად სხვა დრო. ეს დრო, რა თქმა უნდა, თითქმის არანაირად არ ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მე დავიწყე მოღვაწეობა 25 წლის წინ. არ არსებობდა ინტერნეტსივრცე, არ ვიცოდით არც ტენდენციები, არც არაფერი, იყო ომი და უშუქობა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მოვუსმინე ჩემს თავს და მთელი გულით რაც მინდოდა, ის გავაკეთე იმ უშუქობის პერიოდში. ვფიქრობ, იმ დროს ჩემი მხრიდან უფრო გულწრფელი იყო შემოქმედება, იმიტომ, რომ არანაირი ზეგავლენა არ არსებობდა. წარმოდგენა არ მქონდა, ის მოდელები, რასაც ვაკეთებდი, რა ტიპის ტენდენციებს ერგებოდა. ეს იყო ასპროცენტიანი გულწრფელობა შემოქმედის, რომლის ნამუშევრებიც ყველას მოეწონა და საზოგადოებამ მიმიღო. ამას ძალიან მალე მოჰყვა 20 კვ.მ. მაღაზიის გახსნა და კოლოსალური რიგები, დაახლოებით ისეთი, რაც დილის ხუთი საათიდან პურის ქარხნებთან გვხვდებოდა ხოლმე. ყველამ ამიტაცა, ყველგან ვიყავი, იქნებოდა ეს შოუ, სოლოკონცერტები, სპორტის სფერო, ტელევიზიის სრული ჩაცმულობა, ზოგადად, მომხამრებელი… ეს ყველაფერი ხდებოდა არაკონკურენტულ სივრცეში, რადგან კონკურენტი, უბრალოდ, არ არსებობდა. იყო მხოლოდ მაკა ასათიანი, რომელიც ამ სფეროში ჩემზე ადრე გამოჩნდა და ქმნიდა საოცრებებს. ვიყავით ერთი გოგო და ერთი ბიჭი. მე რომ გამოვჩნდი, ყველაზე დიდი გზა მან დამილოცა შოუბიზნესიდან. მაშინ ყველა შოუბიზნესად მივიჩნეოდით…
დღეს აბსოლუტურად არ ხარ თავისუფალი, თუ არ გაითვალისწინე ფერი, რომელიც პანტომმა დადო, თუ არ შექმენი მოთხოვნადი სილუეტი, არ გაქვს ასორტიმენტი, რომელიც ყველანაირ საფასო პოლიტიკას ითვალისწინებს, არ გაქვს ბესტსელერი ნივთები, ვერ იქნები აქტუალური. მიუჩია პრადას ინტერვიუ მახსოვს, სადაც ის ინდივიდუალურ მიდგომასა და დე ენ ემ-ზე საუბრობდა, რომელიც თითქოს ყველამ დაიტოვა, მაგრამ მისივე თქმით, ასევე ყველამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა და ბაზარი. ანუ დღეს მომხმარებელი გკარნახობს ძალიან ბევრ რამეს და არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მოდა კომერციაა, ფუფუნების საგანია, მოდა არ არის პირველადი დანიშნულებისთვის. თუ იმას არ შესთავაზებ მომხმარებელს, რასაც იყიდის, შემოქმედება დარჩება შემოქმედისთვის მხოლოდ.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შენი მაღაზიები დღემდე ფუნქციონირებს, ინტერესი ამ სფეროსადმი არ დაგიკარგავს არც შენ და არც შენს მომხმარებელს – შენდამი…
მე შევინარჩუნე ჩემი ლაბორატორია, სადაც არ დამიკარგავს ხელწერა და ამას ხედავს საზოგადოება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხდება, არის ის, რომ ახალი თაობა ატარებს „ავთანდილს“. საკმაოდ რთული მოცემულობაა, როცა შენი შვილის თაობა და უფრო პატარები ატარებენ შენს ბრენდს და ამით ბრენდი ცოცხლობს. თანაც, ეს გრძელდება ძველი დიზაინერით და ბრენდში არ მოსულა ახალი…
თუ გიფიქრია, რომ შენი მიდგომები არ მოძველებულიყო და სიახლეებს ვერ აჰყოლოდი?
მე არ მისწავლია არც ფინანსები, არც მარკეტინგი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უნარები თავიდანვე იყო ჩემში. ახალი თაობა სულ იყო ჩემი ინსპირაცია. თუ მასთან ახლოს ხარ და გაქვს კომუნიკაცია, მის ჰაერით სუნთქავ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ამ წლების განმავლობაში, როგორც პიროვნება, როგორ შეიცვალე?
ავთანდილში, როგორც პერსონაში, შეიცვალა რაღაცის დამტკიცების სურვილი, – რომ მე კარგი ვარ, დამინახეთ, მე ამას გავაკეთებ!. იმდენად მშვიდობით ვარ ჩემს თავთან, გულწრფელი და მართალი, აღარავის არაფერს ვუმტკიცებ დედამიწის ზურგზე. ეს, ალბათ, ასაკის თემაც არის, ან ძალიან ბევრი ამბიცია დავიკმაყოფილე და თითქოს დავაკმაყოფილე ის ავთო, რომელიც მუდმივად რაღაცის მტკიცებაში იყო. ეს იმხელა ფუფუნება და პლუსი ყოფილა… სულ მიკვირდა, რატომ ამბობდნენ ადამიანები, არ მინდა ვიყო ოცი წლით ახალგაზრდაო. არასდროს მესმოდა, რატომ არ სურდათ ადამიანებს ახალგაზრდულ წლებში დაბრუნება. ახლა მივხვდი, რამხელა ფუფუნებაა, იყო ამ ასაკობრივ კატეგორიაში და მიიღო ყველაფერი ისე, როგორც არის.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-28_10-47-57_934937-1024x682.jpg)
ცხოვრების სტილიც შეგეცვალა?
პირველი, რითაც ცხოვრების სტილი შევცვალე და მივხვდი, რომ ეს აღარ შემეძლო, იყო ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როცა ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობა დავასრულე. იყო დაუსრულებელი ჩაწერები და მივხვდი, რომ მე ვიყავი ჩემი საქმისთვის მომუშავე რობოტი, რომელსაც საერთოდ აღარ ახსოვს საკუთარი თავი. შევიყვარე ჩემი თავი, ვუსმენ საკუთარ თავს და დავიწყე პატარა ბავშვივით ექსპერიმენტების ჩატარება ისე, რომ არ ვიფიქრო, რას იტყვის ხალხი. მინდა სიმღერა? ვიმღერებ. მინდა ტელეწამყვანობა? დავჯდები ეთერში, ოღონდ ამ სქემაში არ „ვიჭედები“. თუ ვხვდები, რომ მან თავი ამოწურა, ვტოვებ ტერიტორიას ისე, რომ არ ვნანობ. ეს შეიძლება იყოს სპორტისადმი დამოკიდებულებაც – მუდმივად ხან ძალიან გამხდარი ვარ, ხან წონებით ვვარჯიშობ.
ახლა მაქვს ახალი სუნთქვის გახსნის და უცნობი ქვეყნების ათვისების მოთხოვნილება. ამ ემოციებმა დამაჯერა, რომ კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს, მაკვირვებს და ბავშვურად გული მიცემს, ვარ აღფრთოვანების, გაკვირვების პოზიციაში. ეს ყველაფერი ქრება, რაც უფრო ასაკი გემატება. თითქოს ყველაფერი იცი და აღარაფერი ისე აღარ გახარებს. მოგზაურობამ დამიტენა ბატარეები. ასევე, დავუბრუნდი ფერწერას. ნებისმიერ რთულ პერიოდში, ჩემია, თუ ქვეყნის, ვიგონებ ახალ დროს, ვართ მე, საღებავები, ტილო და ის მოგონილი სამყარო, რომელშიც თავიდან ბოლომდე ვეფლობი. როცა მისვამენ კითხვას, რა აზრის ვარ რაღაც საკითხზე, დიდი დრო მჭირდება, რომ გამოვიდე იმ მოგონილი სამყაროდან და პასუხი გავცე. ბევრს უკვირს, მაგრამ მე არ ვთამაშობ. ნებისმიერი შემოქმედისთვის სტრესი, დრამა, ემოციური ფონი ყოველთვის სტიმულია, განსაკუთრებული რამ შექმნას. მხატვრობა დიდი პლუსი იმიტომ არის, რომ ის არ არის სხვისი შეფასებისთვის. მთელი ცხოვრება მიჩვეული ვარ, რომ მაფასებენ, რადგან ვაკეთებ ტანსაცმელს. ვხატავ მხოლოდ ჩემთვის და აბსოლუტურად გულწრფელია, ვხატავ იმას, რაც მე მინდა და არ არის კომერციულად გათვლილი. შენი ბრძოლები გაქვს ტილოსთან…
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის ის, რომ რაზეც ახლა ვსაუბრობ, შესაძლოა, აბსოლუტურად არ იყო აქტუალური ჩემთვის 5 წლის შემდეგ. როცა წლების წინანდელ ინტერვიუებს ვეცნობი, მგონია, რომ სულ სხვა ადამიანმა ჩაწერა. რომელიმე ჟურნალისტმა რომ ნახოს ჩემი ძელი ინტერვიუები, შეიძლება, დღეს იმავე კითხვებით, რადიკალურად სხვა ადამიანების პასუხები მიიღოს.
შვილის თაობა ახსენე და ის, რომ გიყვარს პატარა თაობასთან ურთიერთობა. ანასტასიამ რა შეცვალა შენში, შენ რა ასწავლე და მისგან რას სწავლობ ახლა, როცა გაიზარდა?
ანასტასია, მისი თაობა და მასზე პატარები – ჩვენი გადმოსახედიდან და ჩვენი პერიოდის აღზრდიდან გამომდინარე, მათგან ყველაფერი სასწავლი გვაქვს. ვუსმენ და ვეკითხები აზრს. ჩემთვის ბედნიერებაა, როცა თავად ამბობს, რომ ჩვენ დიდი მეგობრები ვართ. მიყვარს მის მეგობრებთან ურთიერთობა და ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც ისინი კითხულობენ, ავთო მოვა თუ არა სახლშიო, როცა ჩვენთან არიან. ყველაფერი იცვლება, როცა ახალი სიცოცხლე ჩნდება შენს ცხოვრებაში, რომელიც შენი ნაწილია. ზოგადად, ცხოვრების ხედვაც იცვლება, მზრუნველობის სხვა ხაზი გეხსნება, შენდა უნებურად, სულ რომ უვარგისი მშობელი იყო, აბსოლუტურად ახალი კოდი იხსნება, რომელიც მანამდე შენთვის იყო უცხო და პირადად შენ გეხება. ხომ გვიკვირდა ჩვენი მშობლებისგან, რატომ აკეთებდნენ ამას თუ იმას, ბრძოლებიც გვქონდა გარდატეხის ასაკში, როცა შვილი შეგეძინება, მერე ხვდები, რატომ ზრუნავ ასე გაასმაგებულად. მანამდე შენთვის უცხო იყო, რატომ ნერვიულობდა დედა, როცა გვიან მიდიოდი სახლში ან საერთოდ არ მიდიოდი (იცინის). ეს ნევროზის ცალკე მიმართულებაა, მშობლობასთან დაკავშირებით.
როცა ანასტასია დაიბადა, ალბათ, გეოცნებებოდა, როგორი იქნებოდა, როცა გაიზრდებოდა. ისეთია თუ უფრო უკეთესი?
უფრო უკეთესია!.. მე ყოველთვის ვარ ხოლმე დამკვირვებელი. მაინტერესებს, როგორ მოიქცევა ამა თუ იმ მოცემულობაში. მე და ხათუნას ყოველთვის ასეთი პრინციპი გვქონდა, როცა ბავშვი სიარულს იწყებს, შენ კი არ უნდა ატარო, ადროვო სიარული და იყო ახლოს, რომ თუ წაიქცა, დაეხმარო და ააყენო. ვფიქრობ, მშობლის პოზიციიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მგონია, რომ ანასტასია ნებისმიერ მოცემულობაში ისე იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს ნამდვილი ადამიანი. თუ, ღმერთმა ნუ დააჭირვოს და დასჭირდება დახმარება, ჩვენ გვერდით ვართ, უბრალოდ, ვადროვებთ ცხოვრებას…
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-27_13-07-35_930998-1024x1024.jpg)
ამჟამად სად ცხოვრობს?
ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა პარიზში და იქ ცხოვრობს უკვე, მეორე წელია.
მამის მონატრება როგორია შვილისადმი?
დასაწყისში ხან მე ჩავდიოდი, ხან – ხათუნა. ნელ-ნელა შევამცირეთ. ახლა დამოუკიდებელი გოგოა. აქ რომ ჩამოდის, საჭმელსაც მიმზადებს, მეკითხება, რა მინდა, ამას არასდროს აკეთებდა.
რა პროფესია აირჩია?
დიპლომატია.
ე.ი. დედის გზა აირჩია…
კი, კი, თუმცა მიხარია, რომ ძალიან კარგად ხატავს. იღებს არაჩვეულებრივ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. გიტარაზე მოუნდებოდა სიარული, თუ ცურვაზე, როცა ამოწურავდა თავის თავს, არასდროს ვაიძულებდით, რომ გაეგრძელებინა ესა თუ ის საგანი, პირობითად რომ ვთქვათ. იღებს საქმეს, დატესტავს, თუ აღარ უნდა, აღარ აგრძელებს. ასეა სამეჯლისო ცეკვებშიც, ხატვაშიც, ფოტოგრაფიასა თუ რეჟისურაში. ძიებაშია და მომწონს, რომ ძიებაშია.
ძალიან ლამაზი გოგონას მამობა – ამ გამოწვევას როგორ უმკლავდები?
ფიქრები ყოველთვის დაძაბულია. ეს ყველაფერი არ უნდა შეიმჩნიო, რა თქმა უნდა, შენში უნდა ჩაკლა. ხელი არ უნდა შეუშალო ადამიანს ცხოვრებაში. მგონია, თვითონაც იცის თავისი ფასი. იმდენი ჩაიდო მასში… არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ ამ ფრაზას, მაგრამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს და ამით არავინ დაძაბოს…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი