ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გამართა, რომელსაც იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა – ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას და ქართული ღვინისა და იაპონური სამზარეულოს შეხამების მასტერკლასს.

ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ხოლო პრეზენტაციას სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ანა გოდაბრელიძე და თამთა ყველაიძე საერთაშორისო კონკურსის „SAKURA Japan Women’s Wine Awards“ ჟიურის წევრებად არიან მიწვეულები. აღნიშნულ ღონისძიებას ტოკიო დღეს მეთერთმეტედ უმასპინძლებს. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
