LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა სახელმწიფო ინსტიტუტი“ – ირაკლი კობახიძე

315
2025-01-30_01-37-20_845930

მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია ქართველი ხალხის თვალში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტია და მზია ამაღლობელი დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი.

„ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი, თქვენ იცით, როგორ დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე. შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე, მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე.

აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც მზია ამაღლობელი სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა, პოლიციელს მან სახეში გაარტყა ხელი. ანუ მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.

როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება ჰუმანურად ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც აქტი მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნას ჩათვლილი. რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ, რომ ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს და თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი.

სხვა არაფერს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან,“- განაცხადა პრემიერმა.

ის ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის ამ საკითხზე სასაუბროდ.

„ჩვენ ყოველ ჯერზე, მუდმივად ვაფიქსირებთ მზადყოფნას დიალოგისთვის. ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი“, – აცხადებს კობახიძე.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.

„ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ… შიმშილობის 18 დღე ძალიან საგანგაშოა… ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები“ – ხოშტარია ამაღლობელზე

ცნობისათვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g