LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვივა მედში“ შეყვანილი პატიმრის ადვოკატი: „სასიკვდილოდ არის ნაცემი და ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აქვს, აპარატზეა შეერთებული… მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას“

328
კლინიკა „ვივა მედი“

„გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივა მედში“ მოთავსებული 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაშია“ – ამის შესახებ პატიმრის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა მედიასაშუალებას უთხრა, პაციენტი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. მისივე თქმით, ადვოკატისთვის უცნობია, ვინ იძალადა პატიმარზე.

უფლებადამცველის განცხადებით, „გორგაძეს სახის ძვლები აქვს დალეწილი, ასევე აღენიშნება ტვინის შეშუპება, თუმცა, ციხის ექიმმა მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვა“.

„გლდანის მე-8 დაწესებულებაში იყო მოთავსებული, ავარიასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულია, ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ საქმეზე მის ინტერესებს ვიცავდი, უპატიოსნესი ადამიანია. ის 23 იანვარს შეიყვანეს „ვივა მედში“ ინსულტის ნიშნებით. რეალურად, ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ადგილი მთელი არ აქვს, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ექიმი არ აღწერს არაფერს, ინსულტი აქვს, იატაკზე ეგდო და შესაბამისად, რეანომობილით გადავიყვანეთ კლინიკაშიო.

რატომ არ აღწერეს გარეგანი დაზიანებები და რატომ შეიყვანეს ინსულტის დიაგნოზით, როცა ამ კაცს ინსულტი არ აქვს? არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ, თუ რა მოხდა რეალურად. მოვითხოვე, რომ კამერები დაარქივდეს. გამოძიება დაწყებულია და ყველა ადამიანის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა შეერთებული. სახის მიდამოებში დაახლოებით, 37 მოტეხილობა აქვს, ტვინის შეშუპება აქვს და უმძიმესადაა. ვინ და რატომ ცემა, ეს ჩვენთვის უცნობია. არც ერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, ეს ფაქტია. ეს ამბავი პატიმარმა შემატყობინა, გორგაძის თანამესაკნე ვარ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, ხომ არ იცი როგორ არის, მისი თანამესაკნე ვარო. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა“, – განუცხადა მუხრან ღურწკაიამ „ინტერპრესნიუსს“.

„ინტერპრესნიუსთან“ პატიმარ იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც, რომლის თქმითაც, გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაყვანილი პატიმარი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პატიმარი კლინიკა „ვივა მედში“ მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და აპარატულ მხარდაჭერაზე იმყოფება. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა.

დაზიანებების, კონკრეტული დიაგნოზის, მკურნალობის შესახებ, სრულ ინფორმაციას ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს“, – უთხრა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g