რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები პოლიციის მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ.
„დაკავების წესია ზოგადად ეგეთი, როცა დაკავებული წინააღმდეგობას გვიწევს. ის ხალხი დგას იქეთ, იქით დგომას არავინ არ უშლის. გზის სავალ ნაწილზე არ გადმოვიდნენ. ცდილობენ აქეთ გადმოსვლას და მაგ დროს დავაკავეთ.
არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა, ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით”, – ამბობს გოგა მემანიშვილი.
ცნობისთვის, პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.