დღეს საოპერო მომღერლის, მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის დაბადების დღეა – მომღერალი 70 წლის გახდა.
პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილეს ულოცავენ კოლეგები და მეგობრები. მომღერალი ასევე უამრავ მილოცვას იღებს მსმენელისგან სოციალურ ქსელში.
საოპერო მომღერალი, საკუთარ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ფეისბუკში“ აქვეყნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოს და წერს:
„აქ ვიღებ მილოცვებს. გკოცნით ყველას. გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ ევროპულ საქართველოს. ცეცხლი ოლიგარქიას!“ – წერს მომღერალი.
აქ ვიღებ მილოცვებს. გკოცნით ყველას. გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ ევროპულ საქართველოს . ცეცხლი ოლიგარქიას!!!✌️🇪🇺🇬🇪
Posted by Paata Burchuladze on სამშაბათი, 11 თებერვალი, 2025
ცნობისათვის, პაატა ბურჭულაძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ევროპის საოპერო თეატრების შეთავაზებაზე – მომღერალს იუბილე მათ სცენებზე აღენიშნა, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა, რომ საქართველოს ვერ დატოვებდა.
დღეს, 12 თებერვალს, 20:30 საათზე, პაატა ბურჭულაძის დაბადების დღეს ფილარმონიიდან მსვლელობით აღნიშნავენ – „შესაძლოა გზაში გვქონდეს მუსიკალური გაჩერებებიც“, – აღნიშნავენ პაატა ბურჭულაძის მეგობრები.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძის დებიუტი 1977 წელს შედგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, ოთარ თაქთაქიშვილის ოპერით „მთვარის მოტაცება“. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, მომღერალს მიღებული აქვს 137 საერთაშორისო და სხვა მნიშვნელოვანი პრემია.
არის საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ასევე საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოების – ღირსების ორდენის ორგზის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.
2008 წელს მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, 2015 წელს პაატა ბურჭულაძეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-12_11-06-50_809470-1024x1024.jpg)