აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე, ფედერალური მთავრობის ზომის შემცირების მიზნით, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით. მან ეს თანამშრომლები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმის შესწავლა სურს.
„ფედერალური ხარჯების შემცირება არ არის არჩევანის საკითხი, ეს აუცილებელია. ეს აუცილებელია ამერიკის გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამერიკას ჰქონდეს საჭირო რესურსები თავისი მოქალაქეების უზრუნველსაყოფად და არ იყოს მხოლოდ უზარმაზარი ვალების მომსახურებაზე დამოკიდებული“, – განაცხადა მასკმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ფედერალური მუშაკები, რომლებიც გადადგომის შეთავაზებას, დაეთანხმებიან, თავიანთ ფულს მიიღებენ. ტრამპმა ეს კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლია თუ არა პირადი გარანტია მისცეს თანამშრომლებს, რომ ანაზღაურებას სექტემბრამდე მიიღებენ.