LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი ადამიანი დავკარგეთ, ლიდერი მენეჯერის ნამდვილი იდეალი იყო, ასე როგორ შეძლო, ამდენი სიკეთე და ადამიანობის მაგალითი როგორ დატოვა… ზუსტად არ ვიცი, ირაკლი უფრო მეცოდება თუ ხათუნა, ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი 23-წლიანი ქორწინებით და 4 შვილით“ – თათა დგებუაძე

971
ირაკლი გაგნიძე

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს, რომელიც მძიმე დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

„ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე გარდაიცვალა – „მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში შეუფასებელია“

ირაკლი გაგნიძეს ემოციურ გამოსამშვიდობებელ სტატუსს უძღვნის „ბიბლუსის“ მარკეტინგის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად „აპარტ ჯგუფის“ საოპერაციო დირექტორი თათა დგებუაძე.

„გაოგნებული და განადგურებული ვარ, მეც და ყველა ბიბლუსელი. ადამიანი, ვინც რეალურად შექმნა ეს ბრენდი… უცნაურად დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს ვწერ წიგნს ონკოპაციენტის ისტორიაზე, ეს წიგნი ირაკლის ხსოვნას მიეძღვნება“ – გიორგი კეკელიძე

თათა დგებუაძე ირაკლი გაგნიძესთან თანამშრომლობის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ მან იმაზე მეტი შეძლო და მოასწრო ამ ასაკში, ვიდრე ნორმალურ ადამიანს შეეძლო.

„ეს დიდი სტატუსი იქნება ირაკლიზე, რომელიც იმსახურებს რომ ყველამ, ყველამ ილაპარაკოს როგორი საოცარი ადამიანი დავკარგეთ!!!

როცა „ბიბლუსში“ მივედი, თავიდანვე ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დეპარტამენტი ჩამაბარა. გამაფრთხილა, არ იქნება მარტივი მართვა, მაგრამ მე აქ ვარ და შენ გვერდით მიგულე, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თანამშრომლები ვინც აქ გხვდებიან, „ბიბლუსის“ ხერხემალია და ძალიან გაუფრთხილდიო.

მართლაც, ყოველი სირთულისას მასთან მივრბოდი და ვისმენდი მშვიდ, აუღელვებელ ტონალობაში რომ მიხსნიდა, როგორ უნდა მისცე ადამიანს შენიშვნა ისე, რომ მას თავდაცვა კი არ მოუწიოს, გაიაზროს და მადლიერი იყოს, რომ სწორი მითითება მიეციო. ასეთი იყო თვითონ თანამშრომლებისთვის, მთავარი მხარდამჭერი და მოტივატორი. რამე თუ შემეშლებოდა, მაშინაც პირველი მასთან მივრბოდი და შევჩიოდი, ახლა რა ვქნა-თქო. ეცინებოდა, ხალხს რამე რომ ეშლება, დამალვას ცდილობს და შენ რანაირი მეგრელი ხარო.

ერთხელ სალონში თმები საშინლად მოკლედ შემჭრეს, სარკეში ჩახედვა მეზიზღებოდა. მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვისხედით, მე ძალიან უხერხულად ყოველ წუთას თმას ვისწორებდი, ვერც ვუსმენდი. გადმომხედა, როგორ გიხდება ახალი ვარცხნილობაო, მითხრა და მორჩა იქ ჩემი შფოთვა.

„ბიბლუს გალერის“ პროექტი წარმოუდგენელ ვადებში განვახორციელეთ, გახსნამდე 2 დღით ადრე ჯერ კიდევ რემონტი იყო, როცა შეგვკრიბა და გვითხრა: ხომ ერთი გუნდი ვართ? ხომ გჯერათ რომ ყველაფერი შეგვიძლია? – 48 საათი მგონი არავის გვძინებია, ზოგი ფანჯრებს ვწმენდდით, ზოგი საწყობში ვმუშაობდით, იტალიიდან ჩამოყვანილ შეფს სახელდახელოდ მოვუწყვეთ სამზარეულო, ის თავის უფროსს ურეკავდა, წარმოუდგენელია ამათ ეს მოასწრონ, ტყუილად არ ჩამოხვიდეო. გახსნამდე 2 საათით ადრე სახლში წავედით, მოვწესრიგდით და მოვბრუნდით, იმდენი ხალხი დაგვხვდა გალერიასთან, სტატიები დაიწერა – წიგნის მაღაზიაში რიგებია! ეს შევძელით! ისეთი ამაყი იყო, ისეთი ბედნიერი!

ერთ დღეს დამიბარა და მითხრა, ჩინეთში უნდა წახვიდე, ან შენ ან მე, სხვამ არ იცის ეს პროექტი. მე სხვაგან მივფრინავ მოლაპარაკებაზე და აბა შენ იციო. 2 დღეში მივედი და ათასი სისულელე ვუთხარი იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მეთქვა, სახლში იყვნენ წინააღმდეგი ამ სიშორეზე რომ წავსულიყავი. რა თქმა უნდა, მიზეზს მაშინვე მიხვდა. „შენებს ხომ გააზრებული აქვთ რა პოზიციაზეც მუშაობ, შესაბამისი პასუხისმგებლობა რომ გაქვსო, როგორც კაცს მესმის, მაგრამ როგორც უფროსი, შენგან პროფესიონალიზმს ველი, წადი, მოაგვარე პრობლემა სახლში და 1 კვირაში მიფრინავო“.

რა თქმა უნდა, გავფრინდი. ამ პროექტითაც ძალიან ვიამაყეთ ყველამ!

ყველგან ჩვენს გვერდით იყო, ყველა საქმეში, ყველა ღამისთევაში, ყველა გიჟურ იდეაში…

4 წელი ვიმუშავეთ ერთად და ამ პერიოდში დავიჯერე, რომ თუ რამე გინდა და გჯერა, აუცილებლად გამოვა. დაბალი ხელფასი მქონდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ აქ სხვა ღირებულებებს ვემსახურებოდი და ფული ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. ყველაზე პროდუქტიული პერიოდი იყო ჩემს კარიერაში, რაც ცალსახად ირაკლის დამსახურებაა. დღეს თუ თავს პროფესიონალად ვთვლი, დიდწილად მისი მოტივაცია და მხარდაჭერაა ამის მიზეზიც.

ბოლოს ბევრად მაღალანაზღაურებადი სამსახურის შემოთავაზება რომ მივიღე, პირველი მასთან მივედი და ვუთხარი, რა ვქნა-თქო. წასვლა არ მინდა, მაგრამ უარი როგორ ვთქვა, 2 შვილი მყავს-თქო. გავარკვევ რა კომპანიაა და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებაო. ცოტა ხანში დამიძახა და მითხრა, ძალიან მაგარი საერთაშორისო კომპანიაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მჭირდები და დამაკლდები, შენი განვითარებისთვის ასე ჯობია და უნდა დათანხმდეო. მე ვიტირე, მას ეღიმებოდა და მამხნევებდა.

მას მერე სულ ვკონტაქტობდით, ყოველ ახალ, მმართველ პოზიციაზე გადასვლისას რჩევებს ვეკითხებოდი, რადგან ლიდერი მენეჯერის ნამდვილი იდეალი იყო ჩემთვის.

პანდემიის დროს, უსამსახუროდ რომ დავრჩი, გაუგია, დამირეკა, მითხრა, ძალიან გავიზარდეთ, ყველაფერს ვეღარ ვერევი და მჭირდებიო, მაგრამ რაღაც ვერ გამოვიდა… ორივემ განვიცადეთ და მოვუბოდიშეთ ერთმანეთს…

მას მერე ხან ის, ხან მე ვცვლიდით რეკომენდაციებს კადრებზე, მენეჯერულ პრობლემებზე… „ბიბლუსთან“ კავშირი არასდროს გამიწყვიტავს, მაგრამ ახლა… ახლა ნამდვილად დამთავრდა „ბიბლუსი“ ჩემთვის…

ბოლოს 10 დღის წინ მივწერე და ვუთხარი, იცოდე, იმდენი ადამიანის იმედი ხარ, არ გაბედო ცუდად ყოფნა, მაგრად უნდა იყო-თქო! აბა რა, მაგრად ვიქნებით ყველაო! – მითხრა და წავიდა ასე იმედიანად… ჩვენ კი დავრჩით გაოგნებულ სიცარიელეში.

ასობით თანამშრომელს, მეგობარს, ახლობელს ათასობით ასეთი მოგონება აქვს მასზე, სადაც ირაკლი სულ ნათელ მხარესაა, მხოლოდ სიყვარულის და პატივისცემის ობიექტია ყველას მხრიდან! ამდენი წლის მანძილზე, ერთხელაც კი არ მახსენდება ვინმეს ოდნავი გულისწყვეტა ჰქონოდა მისგან. ასე როგორ შეძლო, ამდენი სიკეთე და ადამიანობის მაგალითი როგორ დატოვა ყველგან და ყველაში.

მის როლს საქვეყნო საქმის კეთებაში მე აღარ აღვნიშნავ, ამაზე ალბათ ბევრს დაწერენ და იტყვიან, რადგან ირაკლის ამაგი და შრომა წიგნიერების ამაღლებასა და წიგნზე ხელმისაწვდომობაში, შეუფასებელია!

ამ წუთას, ზუსტად არ ვიცი, ირაკლი უფრო მეცოდება თუ ხათუნა. ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი 23-წლიანი ქორწინებით და 4 შვილით…

ვერ ვიჯერებ და ვერ ვითავისებ ამ ფაქტს, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მან იმაზე მეტი შეძლო და მოასწრო ამ ასაკში, ვიდრე ნორმალურ ადამიანს შეეძლო.

მშვიდობით ირაკლი! მშვიდობით“, – წერს თათა დგებუაძე სოციალურ ქსელში.

ეს დიდი სტატუსი იქნება ირაკლიზე, რომელიც იმსახურებს რომ ყველამ, ყველამ ილაპარაკოს როგორი საოცარი ადამიანი…

Posted by Tata Dgebuadze on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g