LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოხუმის დრამატული თეატრი 140 წლის იუბილეს აღნიშნავს. შემოდგომაზე საიუბილეო საღამოს მოვაწყობთ, ამასთანავე, განსაკუთრებული პატივისცემით აღვნიშნავთ ბატონი დიმა ჯაიანის დაბადების დღეს, რომელსაც 75 წელი შეუსრულდებოდა“ – დავით საყვარელიძე „არტ-FM“-ში

515
დავით-საყვარელიძე

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს რეჟისორი დავით საყვარელიძე სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს რეჟისორი დავით საყვარელიძე სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რუსთაველის თეატრი

გასული წლის მაისში ბატონებმა რობერტ სტურუამ და გია თევზაძემ რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორობა შემომთავაზეს. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ერთის მხრივ, ასეთი ადამიანების ნდობაა უზარმაზარი პატივი, მეორეს მხრივ, სწორედ ამ თეატრში ავიდგი ფეხი და მთელი ჩემი ცხოვრება მას დაუკავშირე, ამიტომ ძალიან მინდა სრულად გამოვიყენო ჩემი სარეჟისორო, საორგანიზაციო გამოცდილება და მცირე წვლილი მაინც შევიტანო ეროვნული თეატრის ცხოვრებაში.

„სიზმრების ტბის საიდუმლო“

2 მარტს რუსთაველის თეატრი საბავშვო დადგმას „სიზმრების ტბის საიდუმლოს“ შესთავაზებს მაყურებელს, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა და ვფიქრობ, ბავშვებთან ერთად უფროსებიც ისიამოვნებენ. მართალია, სპექტაკლი აღმოსავლური ზღაპრების მოტივებზე შეიქმნა, მაგრამ თავიდან მოვიფიქრეთ მთელი სიუჟეტი, ამიტომ ძალიან მდიდარი და სანახაობრივი წარმოდგენა გამოვიდა, 7 მარტს კი, მარჯანიშილის თეატრში წარვადგენთ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს, რომელზეც Georgian Sinfonietta იმუშავა.

ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერის თეატრი – ის სამყაროა, რომელშიც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ამ სფეროში საქმიანობა, რადგან ძალიან მიყვარს მუსიკა და განსაკუთრებით საოპერო ხელოვნება. 10 წელი ვმართავდი თეატრს და მხოლოდ სიყვარული, სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს მასთან. მიხარია, რომ ქართული საოპერო ხელოვნება მთელმა მსოფლიომ გაიცნო, რადგან სწორედ ესაა ჩვენი ხმა და გენი, რომელიც ყველას უნდა მივაწვდინოთ. დღემდე ამოუცნობია და არავინ იცის, როგორ  გაჩნდა ჩვენი ერის მუსიკალურობა და ის უნიკალური მრავალხმიანობა, რომელიც ყველას აოცებს.

სოხუმის თეატრის იუბილე

2025 წელს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი 140 წლის იუბილეს აღნიშნავს, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მიეძღვნება. შემოდგომაზე საიუბილეო საღამოს მოვაწყობთ, ამასთანავე, განსაკუთრებული პატივისცემით აღვნიშნავთ ბატონი დიმა ჯაიანის დაბადების დღეს, რომელსაც 75 წელი შეუსრულდებოდა. რაც შეეხება წარმოდგენებს – ერთი სპექტაკლი უკვე დავდგით მარჯანიშვილის თეატრთან ერთად აფხაზი ავტორის ბაგრატ შინკუბას ნაწარმოების მიხედვით, რომლის ქართულ ადაპტაციაზე ირაკლი სამსონაძემ, რეჟისურაზე კი, გიორგი შალუტაშვილმა იზრუნეს. სპექტაკლის პრემიერა უახლოეს მომავალში შედგება. მოგვიანებით, კიდევ ორ წარმოდგენას შევთავაზებთ მაყურებელს, რომელთაგან ერთი ზურაბ კანდელაკის რეჟისურითა და მისივე სცენარით დაიდგმება, აფხაზეთის თემაზე იქნება და მხოლოდ ორი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას.

ძალიან საინტერესო კონკურსი მოვაწყვეთ გასულ წელს აფხაზეთის თემაზე შექმნილი საუკეთესო პიესის გამოსავლენად, რომელშიც სალომე კაპანაძის ნამუშევარმა გაიმარჯვა და სწორედ მის პიესის მიხედვით გაკეთდება მესამე სპექტაკლი. სხვა დადგმებისგან განსხვავებით სალომეს პიესის მოქმედება დღევანდელ აფხაზეთში ვითარდება, ამიტომ დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო გამოვა.  

იანვრის თვეში ბერლინში ვიმოგზაურეთ, მონაწილეობა მივიღეთ ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალში Into the Open-ში და პუბლიკას სპექტაკლი „იაკიში და პუპჩე“ შევთავაზეთ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს კარგად იცნობენ ევროპაში, ამიტომ სისტემატურად შუქდება როგორც ტელევიზიით, ისე სოციალური მედიით. სამწუხაროდ, აფხაზეთის მოსახლეობამ ძალიან დიდი გულისტკივილი გამოხატა, როცა ჩვენი თეატრის გერმანულ ფესტივალში მონაწილეობის შესახებ გაიგო. განცხადება გააკეთა აფხაზეთის არაღიარებულმა მთავრობამ და კულტურის მინისტრმა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, თითქოს ჩვენ თვითმარქვიები ვიყავით, სოხუმის თეატრი კი, სინამდვილეში აფხაზეთში იყო. მეტიც, აფხაზურმა მხარემ დაიჩივლა, რომ რადგან ფესტივალში მონაწილეობის საშუალება  არ ჰქონდა, ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორებს არც ჩვენი თეატრი უნდა მიეწვია აფხაზეთის სახელით. ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს გასტროლებს აფხაზი ახალგაზრდების მხრიდანაც, რამაც სერიოზული ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია.

მოგვიანებით, აფხაზეთის მთავრობასთან ერთად  ჩვენი თეატრი ბუნდესტაგში, კულტურის კომიტეტში მიიწვიეს, საიდანაც გერმანიის მთავრობამ ნოტა მისწერა აფხაზურ მხარეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ცნობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ამიტომ სწორედ ჩვენ  ვიყავით სოხუმის თეატრის ლეგიტიმური წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ თანამშრომლობა აფხაზეთში არსებულ თეატრს, თუმცა სასურველ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლებთ აფხაზურ დასს ჩვენს სცენაზე, რადგან თვითონ ვერ ვახერხებთ მათთან სტუმრობას.

სოხუმის რადიო-თეატრი უკვე დავაფუძნეთ, ახლა პოდკასტებით ვგეგმავთ სპექტაკლების გაკეთებას, რომელთაც საქართველოს საზღვრებს გარეთ მაუწყებელი რადიოების ეთერით გადაიცემა, რათა ყველამ, მათ შორის აფხაზებმაც მოისმინონ ჩვენი დადგმები. უამრავი გეგმა გვაქვს და მიხარია, რომ აფხაზეთის მთავრობასა და კულტურის სამინისტროსთან ერთად კერძო კომპანიებიც ინტერესდებიან ჩვენი იდეებით და აქტიურად გვეხმარებიან.

ვფიქრობ, სწორედ კულტურაა დღეს საერთაშორისო ურთიერთობის საუკეთესო საშუალება, ამიტომ თეატრმაც ბევრად სერიოზული მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ჩვეულებრივმა სანახაობამ, რადგან სწორედ სცენაზე შეგვიძლია ექსპერიმენტების მოწყობა და სხვადასხვა სამყაროს შექმნა, რომელთაგან საუკეთესოს რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანთ.

გატაცება

ძალიან მიყვარს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა. მართალია, თითქმის ყველა სიმებიან ინსტრუმენტზე ვუკრავ, მაგრამ ძალიან მიჭირს ვიოლინოსთან “ურთიერთობა”, რადგან ასეთ რთულ ინსტრუმენტზე ბავშვობიდან სწავლობენ დაკვრას. მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, ამიტომ ჯერ ფორტეპიანოზე დავიწყე დაკვრა, მერე სხვა ინსტრუმენტები მოვსინჯე.

წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან განვლილი გზის ერთგვარ შეჯამებას და დაარქივებას ვგეგმავ. სოლიდური მასალა დამიგროვდა აფიშების, სპექტაკლების ესკიზების, პროგრამების ჩათვლით და მათი თავმოყრა მინდა. ამასთანავე, ძალიან მინდა ინგლისელი რეჟისორის პიტერ ბრუკის და ფრანკფურტის ოპერის ხელმძღვანელის, ზალცბურგის ფესტივალის მრჩევლის ნიკოლას რექსროტის არქივის შესწავლა, რომელმაც საოცარი პარტიტურების, დისკების და ფირფიტების შეგროვება შეძლო. რექსროტი გასულ წელს გარდაიცვალა, მისი არქივი კი, ოჯახმა საქართველოს უსახსოვრა. სწორედ ამ არქივის ჩამოტანას და ერთგვარი კვლევითი ცენტრის მოწყობას ვგეგმავ, რომლის სტუმრობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

სამომავლო გეგმები

სამომავლოდ კიდევ ორი სპექტაკლის დადგმას ვგეგმავთ რუსთაველის თეატრში. ამერიკული პიესა „ფეიკ-ნიუსი“ ბასა ჯანიკაშვილმა თარგმნა. ვფიქრობ, საინტერესო დადგმა გამოვა, რადგან ფეიკ-ნიუსების შექმნასა და მათ ზემოქმედებაზე მოვუთხრობთ მაყურებელს. მერე სპექტაკლი ჰაკერებზე, ადამიანების პერსონალურ სივრცეში სახელმწიფოს ჩარევასა და ერთგვარ თვალთვალზე იქნება. ამასთანავე, ახალი ფესტივალის შექმნას ვგეგმავთ, რომელიც – აბრეშუმის გზის თეატრალური ფესტივალის ერთგვარი გაგრძელება იქნება, მონაწილეობას კი, რამდენიმე არაბული ქვეყანა მიიღებს, სადაც თეატრი ნაკლებადაა განვითარებული, ამიტომ სწორედ ჩვენთან შედგება მათი ერთგვარი დებიუტი მონო-სპექტაკლების წარდგენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g