2025 წელს იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „Red Bridge” განახორციელებს, რომელსაც იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობს და რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს.
კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის ჩატარდება, მოეწყობა იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში.

ცნობისთვის, იაპონია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია აზიაში, სადაც ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში Foodex Japan, Wine and Gourmet Japan, RAW Wine Tokyo, ProWein Tokyo, ღვინის ადგილობრივ კონკურსებში და ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებში, რომლებსაც იაპონიის სხვადასხვა ქალაქმა უმასპინძლა.