LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იყო ვლად არამოვისთვის „იუმორინას“ 25 წლის იუბილეზე მამუკა ონაშვილის გარეშე გამოსვლა: „სცენაზეც და ცხოვრებაშიც ერთმანეთის იმედი ვიყავით, ახლა კი მის გარეშე სცენაზე, თითქოს, ცალფრთამოტეხილი ვიდექი, მაგრამ, მაინც არ მიმატოვა…“

108
მამუკა ონაშვილი და ვლად არამოვი

მიუხედავად იმისა, რომ ვლად არამოვი უკვე დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს, საკმაოდ დაკავებულია და წარმატებულად მოღვაწეობს, მაინც ახერხებს თავის საყვარელ ქვეყანაში, საქართველოში ჩამოსვლას და მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების მოსიყვარულებას. წლევანდელ, „იუმორინას“ 25 წლის საიუბილეო საღამოზე, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, ვლად არამოვი კვლავ წარსდგა დიდ სცენაზე, თავისი საყვარელი მაყურებლისა და მსმენელის წინაშე და მის გამოსვლას ემოციისა და ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია. ემოციები ვლადმა ჟურნალ „თბილისელებს“ გაუზიარა.

– „იუმორინას“ კონცერტებზე შენი გამოსვლა, მართლაც, ასოცირდებოდა მამუკა ონაშვილთან, არაჩვეულებრივი დუეტი იყავით.

– წარმოიდგინეთ, მამუკა ძალიან მაკლდა, ეს გორა კაცი, ჩემი ფუნჩულა მეგობარი, როცა გვერდით მყავდა, განუზომელ ძალას ვგრძნობდი. თვითონაც იმავეს ამბობდა: გვერდით რომ მყავხარ, არ მეშინია ან ტექსტი დამავიწყდეს, ან რამე ისე ვერ გავაკეთო, ვიცი, შენ გამომაძვრენ ამ სიტუაციიდანო. სცენაზეც და ცხოვრებაშიც ერთმანეთის იმედი ვიყავით, ერთმანეთის ძალა და მარჯვენა ხელი. ახლა კი მის გარეშე სცენაზე, თითქოს, ცალფრთამოტეხილი ვიდექი. მაგრამ, მაინც არ მიმატოვა, ეკრანიდან გამაგონა თავისი განუმეორებელი ხმა. მე, მამუკა ონაშვილს და დოიჯას – ზურა დოიჯაშვილს, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში გვქონდა გამოსვლები, უამრავი საინტერესო და სახალისო მოგონება დამრჩა მათგან. მათ გარეშე დღემდე ვერ წარმომედგინა ვერც ჩემი თავი და ვერც – თბილისი. ნამდვილი კოლორიტები იყვნენ. გული მწყდება, რომ ჩვენი გუნდის ბევრი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი წევრი ამქვეყნად აღარ არის – მზია კვირიკაშვილი, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ზურა ბერიკაშვილი, ალეკო თეთრაშვილი… სამწუხაროდ, წელს ამ ბუმბერაზი ხალხის სახეები და ხმა არა სცენიდან, არამედ ეკრანიდან ისმოდა. როცა ადამიანი გარკვეულ ასაკშია და იმქვეყნად მიდის, განვიცდით, მაგრამ ლოგიკურად ვიღებთ, თუმცა ახალგაზრდა ასაკში რომ გვტოვებენ, დღემდე ვერ ვიჯერებ მათ გარდაცვალებას. პირველად ვამბობ ამას: ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ვერ დავესწარი მათ დაკრძალვას, რადგან სულ მგონია, ისევ ცოცხლები არიან და სადღაც არიან წასული. ჯერ არ ვყოფილვარ მამუკას საფლავზე, არ მინდოდა იქ მისვლა, გამიჭირდება გაგება და დაჯერება მისი ამქვეყნად არ არსებობის, თუმცა, სანამ ამერიკაში გავფრინდები, აუცილებლად წავალ, დავჯდები და ბევრ რამეს მოვუყვები. ტელეფონზე სულ მის ზარს ველოდები, ბოლო მესიჯებიც არ მაქვს წაშლილი. ჩემი ბოლო მესიჯი იყო: შენთან მოვდივარ, სად ხარ? არ უპასუხია და მეორე დღეს გავიგე, რომ ავარია მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g