კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეული ტარდება.
კვირეული დღეს თბილისში, სასტუმროში „პულმანი“ გაიხსნა. ღონისძიებაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილა.

კვირეულის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებელთა გაძლიერებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. გაიმართება ექვსი მარეგულირებელი უწყების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ სპეციალურად შემუშავებული მასალების პრეზენტაცია.
დაგეგმილია მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები: 12 მარტს – ახალქალაქში, 14 მარტს – ზუგდიდში, 15 მარტს – ბათუმში. ექვსი მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელი მომხმარებლებთან შეხვედრისას, პანელური დისკუსიის ფორმატში, დეტალურად მიმოიხილავს მათთვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას – თუ როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები, დარღვევის შემთხვევაში ვის მიმართოს და რა ფორმით.