Mercedes – AMG G65 უკან სვლისას ზედმეტად სწრაფი აღმოჩნდა. გერმანული ავტომწარმოებელი ახალი ყველგანმავალის გაყიდვას წყვეტს და აშშ-ს ბაზარზე გავრცელებულ მოდელებს კი უკან გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ G65 იმაზე სწრაფია, ვიდრე გათვალსიწინებული იყო და უკან გადაადგილებისას ის დაშვებულ სიჩქარეს ბევრად აჭარბებს. გაუმართაობის გამო ავტომობილი უკან სვლისას 25 კმ/სთ-ს ავითარებს, რის გამოც შესაძლოა მძღოლმა მართვა მარტივად დაკარგოს და ყველაფერი ავარიით დასრულდეს.
როგორც აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, უკან გამოწვევა 2017 წლის რამდენიმე მოდელს შეეხება და მათმა მფლობელებმა უახლოეს სადილერო ცენტრებს უნდა მიმართონ. რაც შეეხება Mercedes-AMG G65-ს ტექნიკურ მახასიათებლებს, შეგახსენებთ, რომ მოდელი 6 ლიტრიანი ბიტურბო V12 ძრავითაა აღჭურვილი და 630 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ასევე, აგრეგატი 7 საფეხურიანი სპორტული ტრანსმისიით AMG SpeedShift Plus-ითაა დაკომპლექტებული. 0-დან 96 კმ-ს აკრეფა ყვეგანმავალს 5,2 წამში შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ია.