უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით, მწვანე შუა დერეფნის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელზეც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრ ჟეჩო სტანკოვი.

საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. მისივე თქმით, გუნდის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანები დგას, მათ შორის ერთ-ერთი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დასრულებაა, რომელსაც იტალიური საკონსულტაციო კომპანია ახორციელებს, პროცესი სწრაფად მიიწევს წინ და ის მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
„ვფიქრობ, შეგვიძლია სრული მანდატი მივცეთ ფლაგმანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას მისცემს მთელ ევროპას და ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ან კასპიის რეგიონის ქვეყნების ინტერესებშია, არამედ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია მთელი ევროპული კონტინენტის გრძელვადიანი მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივ წერილს ევროკომისრისთვის დან იორგენსენისთვის, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირისგან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ენერგეტიკული მომავლისთვის.