LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკის ხმის“ დირექტორი: 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს

203
ამერიკის ხმა

83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ამერიკის ხმის“ დირექტორის, მაიკლ აბრამოვიცის განცხადებაში.

როგორც ის აღნიშნავს, „ამერიკის ხმის“ მთელი პერსონალი, 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს. დილით შევიტყვე, რომ „ამერიკის ხმის“ მთელი პერსონალი – 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაგზავნეს. ისევე როგორც მე.

„ამერიკის ხმას“ სჭირდება გააზრებული რეფორმა და ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. მაგრამ დღევანდელი ქმედება „ამერიკის ხმას“ არ მისცემს საშუალებას, განახორციელოს თავისი სასიცოცხლო მისია. ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ამერიკის მეტოქეები, როგორიცაა ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ყალბი ნარატივების შესაქმნელად, რათა შეარყიონ შეერთებული შტატების რეპუტაცია.

„ამერიკის ხმა“ ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას მთელ მსოფლიოში ამერიკის ისტორიის თხრობითა და ობიექტური და დაბალანსებული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტირანიის პირობებში ცხოვრობს. მაშინაც კი, თუ ის რაიმე ფორმით გადარჩება, ადმინისტრაციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებები მნიშვნელოვნად დააზიანებს „ამერიკის ხმის“ უნარს, ხელი შეუწყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამყაროს ჩამოყალიბებას და შესაბამისად, ვეღარ უზრუნველყოფს აშშ-ის ინტერესების დაცვას.

80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ამერიკის ხმა“ იყო შეერთებული შტატების ფასდაუდებელი აქტივი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კომუნიზმის, ფაშიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით, „ამერიკის ხმა“ ყოველკვირეულად 360 მილიონზე მეტ ადამიანთან აღწევს, 48 ენაზე. ბევრ დიქტატურაში „ამერიკის ხმა“ ხშირად ახალი ამბებისა და ინფორმაციის ერთადერთი სანდო წყაროა.

მივესალმები „ამერიკის ხმის“ შესანიშნავ თანამშრომლებს. მათგან ბევრი ამერიკაში ავტორიტარული ქვეყნებიდან ჩამოვიდა, სადაც მათ არ შეეძლოთ ჟურნალისტიკის თავისუფლად პრაქტიკა. შთამაგონებელია იყო მათი ლიდერობა და ისინი ჩემგან იმსახურებენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას თავისუფლებისა და დემოკრატიის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნულია „ამერიკის ხმის“ დირექტორის, მაიკლ აბრამოვიცის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g